„მანჩესტერ სიტისა” და მისი მწვრთნელისთვის პეპ გვარდიოლასთვის მნიშვნელოვანი დღე ახლოვდება. ორშაბათს, სპორტის საერთაშორისო სასამართლო იტყვის ითამაშებენ „ქალაქელები” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თუ არა; მოუხსნიან თუ არა ინგლისურ კლუბს სასჯელს.
ამ დღეს „სიტისთვის” ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს. თუ სასჯელს ძალაში დატოვებენ, მაშინ „ეტიჰედ სთედიუმის” ალაყაფს გასანგრევად ფეხბურთელების მთელი ჯარი მიაწვება. და არის ერთი მოთამაშე, რომლის დატოვებაც „ქალაქელებს” ყველა ვარიანტში სურთ. ეს 29 წლის კევინ დე ბრუინია.
ბელგიელი კლუბის ყველაზე დიდი ვარსკვლავია. სადღეისოდ მას 11 გოლი აქვს გატანილი და 18 საგოლე პასი გადაწოდებული. მოედანზე დე ბრუინი გუნდის ინტელექტი და გვარდიოლას მარჯვენა ხელია.
მაგრამ, როგორ უნდა დაიყოლიოს „ბარსელონასა” და „ბაიერნის” ყოფილმა მწვრთნელმა ბელგიელი ულიგო კლუბში დარჩენაზე? „მირორი” წერს, რომ პეპი მის მოთაფვლას კაპიტნის სამკლავურით ცდილობს. ახლანდელი კაპიტანი, 34 წლის დავიდ სილვა სეზონის დამთავრების შემდეგ მიდის და მის ადგილს დე ბრუინს სთავაზობენ.
გვარდიოლა: „ახლა ყველაფერი მასზეა. ლიდერმა მოედანსა თუ მის მიღმა თავისი საქციელით უნდა დაამტკიცოს რა პოზიცია უჭირავს გუნდში. ყველაფერს მისი სხვა ფეხბურთელებთან ურთიერთობა განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, აღიქვამენ თუ არა მას კლუბის სიმბოლოდ. მოკლედ, ბევრი რამ თავისთავად დალაგდება, ჩარევის გარეშე. თანაგუნდელები თავად გადაწყვეტენ გაჰყვებიან თუ არა კევინს. აღიარებენ თუ არა მას ლიდერად”.
კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს გადავიდა. ინგლისურმა კლუბმა მასში 76 მილიონი ევრო გადაიხადა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
სიახლეები09/06/2026 | 08:15მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 07:15კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
