
პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელები და რიგ შემთხვევებში კაპიტნები, საკუთრივ ლიგისა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის შეფებთან ერთად დღეს ვიდეოკონფერენციას გამართავენ. თემა: როგორ დავიყოლიოთ თამაშზე ის ფეხბურთელები, რომელთაც კორონავირუსის ეშინიათ.
ინგლისური მედია წერს, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა მზად არის მონაწილეობა მიიღოს „რესტარტში”, მაგრამ მაინც გამოჩნდა განსხვავებული აზრის მქონე მოთამაშეთა ჯგუფი. დღევანდელი ვიდეოთათბირის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამ ჯგუფს საგანგებო პროტოკოლში ჩამოწერილი პუნქტებით დაამშვიდებენ.
იმის გამო, რომ ბრიტანეთში covid 19 კვლავაც მძვინვარებს და სიკვდილიანობა მაღალია, ჩემპიონატის განახლების წინააღმდეგ სხვადასხვა დროს გაილაშქრეს რაჰიმ სტერლინგმა, სერხიო აგუერომ, ტაირონ მინგსმა, დენი როუზმა და სხვებმა. მათ შიშს იზიარებს რამდენიმე კლუბის ექიმიც, თუმცა თავმჯდომარეები ერთხმად „რესტარტისკენ” არიან და მათ მთავრობაც მხარს უჭერს — 1 ივნისიდან ნებადართულია უმაყურებლოდ ბურთაობა.
პრემიერლიგა 12 ივნისს აპირებს განახლებას.
გუშინ, პრემიერლიგის უკლებლივ ყველა ფეხბურთელს დაურიგდა 40 გვერდიანი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის ჩამოწერილი პროტოკოლი. ორშაბათიდან, როდესაც ვარჯიშები განახლდება, ფეხბურთელებს უნდა ეკეთოთ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია. მათ აგრეთვე აეკრძალებათ ფიზიკური ორთაბრძოლები, ხოლო ბურთები, კარის ძელები, კუთხურის ალმები და სხვა ინვენტარი საგანგებო სითხით იქნება დამუშავებული.
მოთამაშეებს სთხოვენ ვარჯიშზე სავარჯიშო ფორმაში ჩაცმულები მივიდნენ, მანქანაში თანაგუნდელები არ ჩაისვან და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოედანზე ფურთხებას გადაეჩვიონ.
რასაკვირველია, ჩატარდება რეგულარული ტესტირება, რომელთა მონაცემებიც შევა ცენტრალიზებულ ბაზაში. 11 კვირის განმავლობაში 44 000 ტესტის ჩატარებაა დაგეგმილი.
პროტოკოლში საგანგებო ყურადღება ეთმობა BAME ხალხს ანუ შავკანიანებს, აზიელებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს; აგრეთვე ასთმიანებს და მათ, ვისაც შინ ფეხმძიმე პარტნიორი ან რისკის ჯგუფში შემავალი ოჯახის წევრები ჰყავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
სიახლეები24/10/2026 | 08:19პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
