თქმა არ უნდა, ვიდეოარბიტრის სისტემის შემოღებამ ფეხბურთში ბევრი პრობლემა მოხსნა და თუ ობიექტურობა არ გვღალატობს, ვაღიაროთ, რომ არანაკლები გააჩინა. რამდენიმეწუთიანი პაუზები გუნდებს სათამაშო რიტმიდან რომ აგდებს, ეს ცალკე პრობლემაა. საქმე სერიოზულ კურიოზებამდე მივიდა და VAR ტექნოლოგიის მოწინააღმდეგეთა ხელთ ახლა არაერთი კოზირია.
პოლონეთის უმაღლესი ლიგის შეხვედრაში “ლეგიას” ფრანგმა ლეგიონერმა ვილიამ რემიმ წაქცეულ მეტოქეს ფეხი დააბიჯა და არბიტრმა პეტრ ლასკმა ყვითელი ბარათი აუფრიალა. ვინაიდან ბარათი მეორე იყო, ვილიამი მორჩილად გაუდგა გასახდელის გზას და უკვე გამოცვლილი ჰქონდა ტანსაცმელი, როცა მოედანზე უხმეს. ფრანგმა იფიქრა, მსაჯმა დამინდოო, ერთხელაც გამოიცვალა და მოედანზე შევარდა… რათა ვიდეოგანმეორების ნახვის შემდეგ პეტრ ლასკს მისთვის მეორე ყვითელის ნაცვლად პირდაპირ წითელი ბარათი აეფრიალებინა…
მთლად უარესი მოხდა იტალიის სერია A-ში. ფერარაში სპალ-ი “ფიორენტინას” მასპინძლობდა. 72-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მასპინძელთა საჯარიმოში კიეზა წაიქცა, თუმცა არბიტრმა პაირეტომ თამაშის გაგრძელება ბრძანა. სპალ-მა სწრაფი კონტრშეტევა მატია ვალოტის გოლით დაასრულა. ფეხბურთელებს გოლის აღნიშვნა არბიტრმა შეაწყვეტინა და მოედნის კიდეზე მონიტორს ჩააჩერდა. შედეგი? მასპინძელთა გოლი გაუქმდა და მათივე კარში პენალტი დაინიშნა 4 წუთით ადრე კიეზას წაქცევის გამო. ფიორენტინამ პენალტი გოლად აქცია და დარჩენილ დროში დემორალიზებულ მასპინძლებს ორიც გაუტანა. შინაგანი ცენზურის გამო გვიჭირს დამარცხებული გუნდის პრეზიდენტის კომენტარის გადმოქართულება.
როგორც ერთ ქართულ ფილმშია: “არ წახვიდეთ, კიდო იქნება!”
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
