ALL STAR

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლის უმთავრეს შოუ ოლ სტარს ამჯერად შარლოტმა უმასპინძლა. მოგეხსენებათ, გუნდების დაკომპლექტების წესი შეიცვალა და ამჯერად გამოკითხვის ორი ლიდერი აკომპლექტებდა გუნდებს. ცვლილება იმად დასჭირდათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ კონფერენციებად დაყოფის პირობებში ძალები მეტად არათანაბარი იყო ხოლმე.

შარლოტში, შეიძლება ითქვას, ორი თანაბარი გუნდი შეიკრიბა. თუ ერთის კაპიტანი სეზონის MVP-ის ტიტულის ერთ-ერთი მთავარი მაძიებელი იანის ადეტოკუმბო გახლდათ, მისი კონკურენტი ჯეიმს ჰარდენი ლებრონ ჯეიმსის გუნდში მოხვდა.

იანისმა საკუთარ გუნდს ულიდერა და 38 ქულასთან ერთად 11 მოხსნაც მოინადირა. მის გუნდში სტეფ კარიც გამოირჩა (17ქ, 9მ, 7პ), მაგრამ 4 სამქულიანი ტყორცნის რეალიზაციისთვის 17 ცდა კი დასჭირდა. ლებრონის გუნდში 31 ქულით და 7 მოხსნით კევინ დურანტმა გაილაღა, ლებრონი კი 19 ქულას და 7 მოხსნას დასჯერდა.

საერთოდ ჩაიკარგა “მისტერ +30”-ად მონათლულმა ჰარდენმა თავისიანებს მხოლოდ 12 ქულა შეაწია. შესაძლოა, ჰარდენს ეს შეხვედრა სეზონის უძვირფასესის ტიტულის დათმობადაც დაუჯდეს, კონკრეტულად ამ შეხვედრის MVP-დ კი კევინ დურანტი დასახელდა.

როგორც შოუს შეშვენის, იყო “დანქებიც”, ბლოკებიც და შორეული ტყორცნებიც. ჯამში ორივე გუნდმა პერიმეტრს გარედან 167-ჯერ სტყორცნა, საიდანაც ზუსტი 62 იყო. კიდევ ერთი ყურადსაღები ის გახლდათ, რომ თითოჯერ ორივე გუნდმა უწია მეოთხედში 50-ქულიან ზღვარს.

იანისი 167: 178 ლებრონი (53:37, 42:45, 36:50, 33:46)

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".