საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
.
  • გამიგონე, რუსებს რა დაემართათ?
  • ყველაფერი ცხელი ჩაის ბრალია.
  • ჩაი რა შუაშია? ბრაზილიასთან წაგებაზე ვამბობ.
  • ბრაზილიასთან ისედაც წააგებდნენ. შენ ალბათ ოთხი ბურთით წაგებას ამბობ.
  • დიახ.
  • ჰოდა ჩაის ბრალია.
  • როგორ?
  • ბიშოვეცს ცხელი ჩაი დაულევია თამაშის წინ, პირი დასწვია და ფეხბურთელებს ვეღარაფერი უთხრა.
  • აბა, მოიგონებ ხოლმე. ბურთი რომ შენს კარში არ უნდა შეაგდო, იმას რა თქმა უნდა?
  • ნდომებია, ხომ ხედავ.
  • და ბიშოვეცს რომ თქმა შეძლებოდა, რა მოხდებოდა?
  • რუსეთი ღირსეულად წააგებდა.
  • ღირსეული წაგება რას ნიშნავს?
  • ოო, ეგ ქართული ხალხური ტერმინია და ახლა რუსებმაც შეისწავლეს.
  • და რას ნიშნავს?
  • აუცილებლად უნდა წააგო, ოღონდ შენს გულშემატკივრებზე უნდა გაბრაზდე, რატომ წარმოიდგინეთ, რომ უნდა მოგვეგოო.
  • არა მგონია მხოლოდ ცხელი ჩაის ბრალი იყოს. კომენტატორმა თქვა, რუსებმა ცხრამეტი საათი იფრინეს ბრაზილიაში ჩასასვლელად და დაიღალნენო.
  • ბრაზილიამაც ცხრამეტი საათი იფრინა მოსკოვამდე და მერე სამით ნოლი მოიგო.
  • ეგ როდის იყო?
  • ძველ დროში.
  • მაშინ პელე ეყოლებოდათ და მოიგებდნენ, აბა რა?
  • მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა რივალდო ჰყავთ.
  • და რივალდო პელეს გაუტოლდება?
  • შენ ფეხბურთი არ გესმის და ნუ მაწვალებ.
  • არ გაწვალებ. უბრალოდ, მაინტერესებს, რა აზრი ჰქონდა რუსების ბრაზილიაში ჩასვლას?
  • რა აზრი აქვს, ინგლისი და გერმანია რომ ჩამოდიან და სტადიონზე მიდიხარ?
  • ეს ბოროტი შეკითხვაა. ეროვნულ გრძნობას დასცინი.
  • არა, ბატონო, მე ფეხბურთს დავცინი.
  • რა აქვს ფეხბურთს შენი დასაცინი?
  • თუნდაც ის, რომ მინდორზე რომ მოკბეჩილ ბუბლიკს გადმოაგდებენ, მასპინძელ გუნდს წაგება ეთვლება.
  • ბუბლიკს კი არა, ბომბებს ისვრიან…
  • და მასპინძელი გუნდი რა შუაშია? ედმუნდომ და ბატისტუტამ უთხრეს, გადმოაგდეო?
  • აბა, რა ვქნათ?
  • ფეხბურთი არაფერშუაშია. პოლიციის ბრალია. დაუქვითონ ხელფასი პოლიციას, გუნდი კი გაატარონ.
  • ეს სადაური სამართალია?
  • ადამიანური. პრარაბს ცემენტი დაენანა, ტრიბუნა ჩაინგრა და გუნდი უნდა გააგდო?
  • იქ ფანებმა იჩხუბეს. თოფი ისროლეს.
  • კენი დალგლიშმა ისროლა?
  • არა.
  • აბა, ბობ პეისლიმ?
  • ეგრე ლაპარაკი არ შეიძლება. ხალხი დაიხოცა.
  • მართალია, მაგრამ, როცა “ლივერპულის” ფანებმა “იუვეს” ტიფოზებს დასცხეს, ტრიბუნა ჩაინგრა. რა შუაშია აქ “არსენალი” და “დერბი”?
  • შენ მაგას იმიტომ ამბობ, რომ იტალიელები არ გიყვარს.
  • მე არ მიყვარს, როცა კაცი მაშხალას გამოისვრის და ამის გამო “გრასჰოპერი” “ფიორენტინას” დაამარცხებს.
  • რას იზამ? ვიღაცა ხომ უნდა დაისაჯოს?
  • ვიღაცა დაისაჯოს, ფეხბურთელი კი არა.
  • და გაზა?
  • რა გინდა ამ წესიერი და საწყალი კაცისგან?
  • არ არის დასასჯელი?
  • გრობელაარი ვერ დასაჯეს და გაზა უნდა დასაჯონ?
  • გაზა ყოველდღე დასასჯელია.
  • რატომ?
  • ათი წელიწადია ცუდად იქცევა.
  • სიმეონეზე ცუდად იქცევა?
  • ეგ ფეხბურთს არ თამაშობს. ეგ მუსკომედიის მსახიობია.
  • რა გინდა, რას მერჩი?
  • ჩემს ოჯახში მაგ კაცის გვარი აღარ ახსენო, თორემ…

21.11.1998