საქართველოში ახალგაზრდა მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ ჩატარდა და ფაქტია, რომ ისევე, როგორც 2017-ში, წლევანდელი ტურნირიც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. მონაწილე გუნდების წევრებს დასვენების, თამაშებისთვის მომზადებისა და საკუთრივ თამაშისთვის საუკეთესო პირობები დახვდათ და ერთადერთი, რამაც გარკვეული დისკომფორტი შექმნა, რამდენიმე კოკისპირულწვიმიანი დღე იყო. თუმც, რაგბი ისეთი თამაშია, რომელსაც წვიმა უფრო უხდება, ვიდრე ტრადიციული თბილისური ივლისის ხვატი. თანაც, საშეჯიბრო და სავარჯიშო მოედნები თბილისშიც და ქუთაისშიც ისეთი ხარისხისაა, რომ თავსხმა და ხანგრძლივი წვიმაც არას აკლებდა რა.
ამდენად, სულაც არაა გამორიცხული, საქართველომ 20-წლამდელების მსოფლიო პირველობას გაისადაც უმასპინძლოს, მით უმეტეს, რომ ასეთი პრაქტიკა „მსოფლიო რაგბის“ გამოცდილებაში უკვე არსებობს 2023 და 2024 წლებში ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უმასპინძლა.

ახლა მთავარზეც: „ახალგაზრდა ქურციკებმა“ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ჩემპიონობა, სულ კი ეს იყო სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრების მსოფლიოს მესამე ჩემპიონობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აფრიკელები ამ მაჩვენებლით საფრანგეთს გაუტოლდნენ წინ კი 4-ტიტულიანი ინგლისი და 6-გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია არიან. ასეა თუ ისე, თანამედროვე რაგბში სამხრეთაფრიკული ერა დგას – ქვეყნის მთავარი გუნდი სულაც ყველაზე უხვტიტულაა ამ დუნიაზე, თანაც „სპრინგბოქსმა“ 4-დან 2 ტიტული ბოლო 2 მსოფლიო თასზე მოიპოვა.
შაბათს, თბილისის „მიხეილ მესხზე“ სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებმა ფრანგ თანატოლებს ფინალში 16:5 სძლია, ხოლო მესამე ადგილი ახალზელანდიელებმა დაისაკუთრეს – „ბეიბი ოლ ბლექსმა“ ინგლისს 41:26 მოუგო.
I ადილისთვის
სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი 16:5
III ადილისთვის
ახალი ზელანდია – ინგლისი 41:26
V ადილისთვის
შოტლანდია – უელსი 28:21
VII ადილისთვის
ავსტრალია – არგენტინა 51:29
IX ადილისთვის
ირლანდია – იტალია 34:26
XI ადილისთვის
ფიჯი – საქართველო 30:10
XIII ადილისთვის
იაპონია – ესპანეთი 34:26
XV ადილისთვის
აშშ – ურუგვაი 39:15
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
