იტალიური კოშმარი ქუთაისში

იტალიური კოშმარი ქუთაისში

ორშაბათი მძიმე დღეაო, 13 – თარსი რიცხვიაო, სიცხეო, მსაჯობაო, ისაო, ესაო – თავის სამართლებლად უამრავი თემის შერჩევა შეიძლება, მაგრამ ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, მეტოქესაც ხომ ეხებოდა? ჰოდა, მივიღეთ გამანადგურებელი 19:43 იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან, რომელთანაც უმცროს ბორჯღალოსნებს ქუთაისურ მატჩამდე არასდროს წაეგოთ…

თამაშის დაწყება და იტალიური ლელოს დაფიქსირება თითქმის ერთი იყო, მერე კიდევ ერთი დაგვიდეს, მერე – კიდევ ერთი, და 10 წუთში 0:19 მივიღეთ. ამის მერე ქართველებმა ერთ ხანობა დაალაგეს თამაში, მეტოქე საკუთარ ლელოს მიაჯაჭვეს და 9 ნომერმა თემურ ძოძუაშვილმა ერთი ლელო გაქვითა, რომელიც ნიკოლოზ ხალვაშმა გარდასახა – 7:19.

მაგრამ მომდევნო 10 წუთში იტალიელებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს, სამივე გარდასახეს და ტაბლოზე ქართველებისთვის კოშმარული ანგარიში აანთეს – 40:7

გონს მოსასვლელად კიდევ 10 წუთი დაჭირდათ ვიტო კოლელიშვილის ბიჭებს და გაბრიელ რაზმაძემ ძელებს შორის მეორე ქართული ლელო გაიტანა, რომელიც ხალვაშმა ასევე გარდასახა – 14:40. ტაიმს წერტილი იტალიელთა შესანიშნავმა დამრტყმელმა მატია ანდრეტიმ ზუსტი ჯარიმით დაუსვა – 43:14.

უნდა ითქვას, რომ იტალიელები ქართველებს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ – თამაშის მართვაში, ტექნიკურობაში, ხელით თამაშში, ფეხით თამაშში ხომ საერთოდ, მაგრამ ფიზიკურად რომ დაგვჩაგრეს, ეს დიდი მოულოდნელობა იყო. ამ საქმეში მთავარი წვლილი ორმა ორმეტრიანმა და ასკილოიანმა შავკანიანმა ბიჭმა შეიტანა, ორივე არაიტალიური სახელის, გვარისა და იერისა იყო, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ამ ორი მოძრავი გიგანტის წყალობით იტალიამ შერკინებებში ქართველები უბრალოდ გაღუნა, გადაუარა და რაც გინდა დაარქვით, ის უქნა. ასე ქართულ შერკინებას არცერთ ასაკობრივ დონეზე არავის და არასდროს მორევია…

მეორე ტაიმში ხსენებული დიდი შავკანიანი ბიჭები ერთი მეორის მიყოლებით სინბინში აღმოჩნდნენ, თუმცა ქართველებმა, კერძოდ კი, შეცვლაზე ძალიან  კარგად შესულმა კვაჭმა გიორგი აღნიაშვილმა ლელოს გატანა მოახერხა მაშინ, როცა მატჩის ორივე გმირი თამაშში იყო. ხალვაშმა მახვილი კუთხიდან ააცილა და 19:43 ძალაში დარჩა. როგორც აღმოჩნდა, ეს საბოლოო ანგარიში ყოფილა და იტალიის ახალგაზრდული ნაკრები მე-9 ადგილისთვის მატჩში ფიჯი-ირლანდიას შორის უძლიერესს შეხვდება, ქართველებს კი ხსენებული წყვილში წაგებული მე-11 ადგილისთვის ფინალში ერგებათ მეტოქედ.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზოგიერთმა ქართველმა მორაგბემ მომზადების დაბალი დონე გამოავლინა და იმედია, მომდევნო, დასკვნით მატჩში ჩვენი სამწვრთნელო შტაბი უკეთეს სელექციას ჩაატარებს.

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩი მე-11 ადგილისთვის შაბათს, 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე ქუთაისის „აია არენაზე“ დაიწყება.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.