გახსოვდეთ შარშანდელი 19:19

გახსოვდეთ შარშანდელი 19:19

ორშაბათს, 13 ივლისს, საღამოს 6 საათზე ქუთაისის „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოს და იტალიის 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალის სტატუსით ისარგებლებს.

სამწუხაროდ, ვიტო კოლელიშვილის შესანიშნავმა ბიჭებმა ჯგუფში უელსთან საკვანძო მატჩი დასანანი შეცდომის გამო მინიმალურად – 24:25 დათმეს, თორემ დღეს იტალიის ნაცვლად უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე არგენტინა, ავსტრალია ან შოტლანდია იქნებოდა. თუმცა, რაცაა ესაა, ქართველების ახალი მიზანი მე-9 ადგილის დაკავებაა, რომელსაც ისინი მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე ყველაზე ხშირად იკავებდნენ ხოლმე. თუმცა, ეს 12-გუნდა ტურნირებზე ხდებოდა, სადაც მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში წარუმატებლობა ჩემპიონატიდან ალაფაზე დაქვეითების რისკს ატარებდა. ახლა კი ქართველები კომფორტულად, სტრესის მიღმა არიან და იტალიასთან მატჩი წესით უნდა მოიგონ.

საქმე ის გახლავთ, რომ ახალგაზრდულ დონეზე იტალია რამდენადმე სუსტია, ვიდრე „დიდების რაგბში“. საქართველოს 20-წლამდელებს ამ გუნდთან არასდროს წაუგია – 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვება და ერთადერთი ფრე. ეს ფრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა საქართველოს U20-ის ისტორიაში. ჩვენს ბიჭებს რომ მოეგოთ, მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთვებოდნენ, ოღონდაც მოგება ბონუსიანი უნდა ყოფილიყო. ჰოდა, მარაგში 3 ლელოს მქონე ქართველებმა ბოლო წუთებზე იტალიელებს გააფთრებით შეუტიეს, შეცდნენ და ნორჩმა „აძურიმ“ კონტრშეტევით თავად დადო ლელო და ანგარიშიც გაათანაბრა – 19:19.

ზოგიერთი დღევანდელი უმცროსი ბორჯღალოსანი იმ დრამატული თამაშის მონაწილეა და ხომ წარმოგიდგენიათ მათი მოტივაცია, დაუმტკიცონ სამყაროს, რომ ქართული რაგბი ამ დონეზე იტალიურზე მაღლა დგას?! იმედია, გაუმართლებთ და საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის ფინალშიც გავა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან მატჩში:

1. გიორგი ტურაშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპიტანი), 8. მიხეილ შიოშვილი, 9. თემურ ძოძუაშვილი, 10. მათე მახარაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 13. დათა ახვლედიანი, 14. ლუკა ტაბატაძე, 15. ნიკოლოზ ხალვაში.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ლუკა იასეშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე, 21. გიორგი ზაზაძე, 22. გიორგი ხონელიძე, 23. დემეტრე დევდარიანი.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.