მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის კარიერა სავარაუდოდ მთავარი ჯილდოს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე დასრულდა ― მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთმა პორტუგალიას მსაჯის წამატებულ წუთებში მიკელ მორენოს მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგო და კრიშტიანუ რონალდუ შინ გაემგზავრა. 41 წლის თავდამსხმელი ხუთჯერ იყო ოქროს ბურთის მფლობელი, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მან თავისი კლუბებისა და ნაკრებისთვის სარეკორდო 976 გოლი გაიტანა. რონალდუმ მსოფლიოს ექვს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ყველაზე შორს 2006 წელს, თავის პირველ მუნდიალში გავიდა. მაშინ პორტუგალიამ ნახევარფინალში ითამაშა.
ერთი ხნის წინ რონალდუმ თქვა, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბოლო იქნებოდა, თუმცა ესპანეთთან წაგების შემდეგ ჟურნალისტებს ასე უპასუხა: „შევხვდები ჩემს ოჯახს და ცივ გონებაზე მათთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას“.
მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელიც ობიექტურად არსებობს, კრიშტიანუს ფანებს კი ძალიან აღიზიანებთ: იქნებ, პორტუგალიის ნაკრები რონალდუს გარეშე უფრო შორს წასულიყო? ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი კრის სატონი, რომელიც BBC Radio 5-ის ექსპერტად მუშაობს და დალასში პორტუგალიისა და ესპანეთის შეხვედრას ესწრებოდა, მოურიდებლად ამბობს: „პორტუგალია იმიტომ გავარდა, რომ რონალდუ მოედანზე მოხუცი კაცივით დალასლასებდა. მას სასარგებლო არაფერი გაუკეთებია. რა საქციელი იყო ეს რობერტო მარტინესის მხრიდან? როგორ შეიძლება ერთ ფეხბურთელს ასე დაემონო? პორტუგალია რობერტო მარტინესის სისუსტის გამო გავარდა“.
მარტინესმა კი შეხვედრის დამთავრებისთანავე განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან მიდის. რონალდუზე მან ასე თქვა: „იმისათვის, რის გაკეთებასაც ამ მუნდიალზე აპირებდა ჩვენ მას მადლობა უნდა ვუთხრათ. მისი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონობა იყო და მე თუ მკითხავთ პიროვნულად გახდა კიდეც მსოფლიოს ჩემპიონი. ის იყო სამაგალითო სპორტსმენი და პიროვნება, რომელიც ამ სპორტსმენის უკან დგას“.
კრიშტიანუმ ნაკრების მაისურით 146 გოლი გაიტანა, რაც მსოფლიოში საუკეთესო შედეგია. არის ეჭვი, რომ მარტინესმა ასეთი სტატუსის მქონე ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ვერ შეჰკადრა, არადა პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო მცველებისგან და ნახევარმცველებისგან დაკომპლექტებული გუნდია. ოთხმა მათგანმა „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ესენია ვიტინია, ჟოაო ნევეში, ნუნუ მენდეში და გონსალო რამუში. ბრუნო ფერნანდეში კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავია და პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
სატონმა განაგრძო: „როგორ შეიძლებოდა გონსალო რამუშის სათადარიგოთა სკამზე დატოვება? ეს მწვრთნელის მხრიდან სრულიად სამარცხვინო საქციელი იყო. ესე იგი მან თავის მთავარ ვარსკვლავს უბრალოდ თავი უქნია. დიახ, რონალდუ პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მწვრთნელი ვალდებულია ძლიერი პიროვნება იყოს“.
კრიშტიანუმ მსოფლიოს ჩემპიონატი სამი გოლით დაასრულა: ორი უზბეკეთს გაუტანა და ერთი ხორვატიას. სტატისტიკა მეტყველებს რომ მასზე მეტი გოლი ათმა ფეხბურთელმა გაიტანა, აი კარში კი ამ ეტაპისთვის მასზე მეტჯერ (18) მხოლოდ ოთხმა დაარტყა. რონალდომ იმდენჯერვე დაარტყა კარში, რამდენჯერაც ჩემპიონატის ბომბარდირთა ერთ-ერთმა ლიდერმა ერლინგ ჰოლანდმა. ხუთ შეხვედრაში რონალდუმ თანაგუნდელებს მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტი შეუქმნა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მასზე მეტჯერ ბურთს 366 ფეხბურთელი შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ მან ფაქტობრივად ყველა შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა – მარტო ერთ მატჩში შეცვალეს დასრულებამდე 9 წუთით ადრე.
რობერტო მარტინესმა თავისი პოზიცია ასე განმარტა: „როდესაც გოლი გჭირდება, სულ მცირე 90 წუთის განმავლობაში რონალდუს შეცვლა არ შეიძლება. მას 90 წუთის თამაში ფიზიკურად შეუძლია. ჩვენ რონალდუ მოედანზე გვჭირდებოდა. გვჭირდებოდა მისი შესრულებული ჯარიმები, მისი გამოცდილება“.

შემდეგ კი ესპანელმა მწვრთნელმა თავის მომავალზე ილაპარაკა: „მე პორტუგალიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად მოვედი და რაკი მიზანს ვერ მივაღწიე, უნდა გადავდგე. ჩემს კონტრაქტს ვადა დღეს გაუვიდა“.
სატონმა კი ვერ მოისვენა: „მარტინესის ამოცანა პორტუგალიის ნაკრებისგან საუკეთესო გუნდის დაყენება და მსოფლიოს ჩემპიონობა იყო. შეძლო ეს? ვერა. მან თავის დროზე ბელგიის ნაკრების „ოქროს თაობა“ ჩაიბარა, მაგრამ გააფუჭა. პორტუგალიაში კი იმავეს ნახვა უბრალოდ საცოდაობა იყო. სამწუხაროა, როდესაც მწვრთნელის ასეთ საქციელს უყურებ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/07/2026 | 09:55მარტინესი რონალდუს ვერ მოერია?
აქეთურ-იქითური06/07/2026 | 13:41მსოფლიო პარაგვაელთა შავი ხელოვნების წინააღმდეგ
მთავარი ამბავი06/07/2026 | 12:18ინგლისელებო, ფრთხილად, წინ ჰოლანდია!
სიახლეები05/07/2026 | 10:58მბაპე: მათ ეგონათ, რომ ჩვენ მოედანზე სმოკინგებით გავიდოდით
