მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი რომელშიც 48 გუნდი მონაწილეობს. მართალია მას შედარებით სუსტი გუნდების სიჭარბეს საყვედურობენ, მაგრამ საქმეში გაირკვა, რომ მთლად მარტივადაც არ არის საქმე: ესპანეთმა კაპე ვერდესთან 0:0 ითამაშა, კურასაომ ეკვადორს არ დაუთმო. ამით, თუმცა ალბათ უპირველეს ყოვლისა მაინც გაზრდილი შემოსავლებით ფრთაშესხმული ფიფა მომავალში ფორმატის 64 გუნდამდე გაზრდას აპირებს.
კონმებოლის ანუ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის ალეხანდრო დომინგესის ინიციატივით და არგენტინის, პარაგვაისა და ურუგვაის ფედერაციების მხარდაჭერით ფიფა 2030 წელსვე, მსოფლიოს ჩემპიონატების ასი წლის თავზე აპირებს წარმოუდგენლად მასშტაბური ჩემპიონატის ჩატარებას. დომინგესის ინიციატივას სიხარულით აუბა მხარი ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ: „ალეხანდრომ შემოგვთავაზა 2030 წლის ტურნირი ღირსეულად აღვნიშნოთ და ეს წინადადება ნამდვილად არის განხილვის ღირსი“, – ამბობდა ის სექტემბერში, მაგრამ RMC Sport-ის თქმით მომენტი დაკარგულია.

საქმე ის არის, რომ ერთ წელიწადში ფიფას პრეზიდენტის არჩევნებია და იმისათვის, რომ სკამი შეინარჩუნოს ინფანტინომ უნდა გაითვალისწინოს როგორც გაფართოების მომხრეთა ასევე მოწინააღმდეგეთა ინტერესი.
2030 წლის მუნდიალის მასპინძლები ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო მზადებას განაგრძობენ და დაგეგმარების ბოლო ეტაპზე არიან. მონაწილე გუნდების რაოდენობის შეცვლა მათ არ მოეწონებათ. უეფა თავის მხრივ მუნდიალის გაფართოების კატეგორიული წინააღმდეგია. მის პრეზიდენტს ალექსანდერ ჩეფერინის მიაჩნია, რომ გუნდების რაოდენობის 64-მდე გაზრდა 2030 წლის მუნდიალის დადგენილ განრიგს უბრალოდ გაანადგურებს. გუნდების რაოდენობის გაზრდა მაინცდამაინც არც აზიაში ეხატებათ გულზე და ამ ყოველივეს გათვალისწინებით ინფანტინომ ხელახალი არჩევის ეშხით შეიძლება ამ ეტაპზე დაამუხრუჭოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
