რუსთავი – ახალი ლიდერი

რუსთავი – ახალი ლიდერი

ეროვნული ლიგის მეორე წრე ახალი ლიდერის დაბადებით  დასრულდა. გია ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ „იბერიას“ პრინციპული მატჩი მოუგო – 2:1, ერთი ქულით გაუსწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა. არადა იბერიელებს  მე-7 ტურის შემდეგ არავისთვის დაეთმოთ პირველობა. ეს რუსთაველთა მიჯრით მესამე გამარჯვება გახლდათ.

ამ შეხვედრაში გოლი-შედევრიც ვნახეთ. გამარჯვების გოლი რუსთაველთა მცველმა ვაჟა ფაცაციამ საკუთარი ნახევრიდან 90-ე წუთზე გაიტანა… დაინახა ოდნავ წინ გამოსული მასპინძელთა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი და დაახლოებით 60 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.

იბერიელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრი დემჩენკოს დებიუტი კი მარცხიანი გამოდგა.

ზედიზედ მესამე თამაში წააგო „ტორპედომ“ და მესამე ადგილი „დინამოს დაუთმო, თავად კი მეხუთეზე დადგა.

„დილამ“ „სპაერი“ 3:1 დაამარცხა, სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და მეშვიდე ადგილზეა.

„დინამომ“ „სამგურალს“ უხვგოლიან მატჩში 5:3 მოუგო. თავისი პირველი ბურთი გაიტანა ეროვნულში თორნიკე კვარაცხელიამ, მაგრამ თამაშგარეს მიზეზით გაუუქმეს. ეფექტური გოლი კი იყო.

აშკარა აუტსაიდერმა „მეშახტემ“ რვაწაგებიანი სერია დაასრულა. „გაგრასთან“ 1:1 ითამაშა. ანუ, მანამდე ტყიბულელებს  მეორე წრეში ყველა თამაში წაეგოთ.

ჰეთ-თრიქი მიითვალა სამგურალელთა ბრაზილიელმა ველისოლმა და 9 გოლით ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. დუბლი შეასრულეს ბათუმელთა მოლდოველმა დმიტრი მანდრიჩენკომ და „დილას“ ლაშა მენთეშაშვილმა.

დილა 3:1 სპაერი

1:0 მენთეშაშვილი (14), 1:1 ცალუღელაშვილი (44), 2:1 მენთეშაშვილი (65), 3:1 ოლატუნჯი (81)

იბერია 1:2 რუსთავი

1:0 ძაგანია (42), 1:1 ოსეი (60), 1:2 ფაცაცია (90)

ტორპედო 2:3 ბათუმი

0:1, 0:2 მანდრიჩენკო (22. 26), 1:2 ბუკია (43), 1:3 მარა (53), 2:3 არაბიძე (60)

მეშახტე 1:1 გაგრა

0:1 ბორჟესი (51), 1:1 შიკალო (61)

გაძევება: სადღობელაშვილი (90+4) – გაგრა

დინამო 5:3 სამგურალი

0:1 ველისოლი (1), 1:1 რამუში (11), 2:1 კალანდაძე (15), 2:2 ველისოლი (37), 3:2 სანტუსი (48), 4:2 დოლტმურზიევი (66), 5:2 იორო (79), 5:3 ველისოლი (90+1 პენ)

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.