ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!

ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!

ინგლისმა ხორვატიას 4:2 მოუგო. ეს იყო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ხარისხიანი შეხვედრა, რომელშიც… „სანმა“ მწვრთნელის თომას ტუხელისა და მეკარე ჯორდან პიკფორდის წაკამათებას მიაქცია ყურადღება.

ეს მოხდა, პირველი ტაიმის მე-17 წუთზე, როდესაც ინგლისელები ხორვატებს ჯერ 1:0-ს უგებდნენ. მოედნის კიდესთან მომუშავე „ფოქსის“ კორესპონდენტმა ჯეფ შრივერსმა შეამჩნია, რომ ინგლისელთა გერმანელი თავკაცი გაბრაზდა, როდესაც გოლკიპერმა ბურთი თამაშში არასწორ მხარეს შეიტანა.

„ასე ნუ აკეთებ, ბურთი მარჯვენა მცველს მიაწოდე, მარცხნივ არ უნდა გადააწოდო! ისე მოიქეცი, როგორც მე გითხარი!“, – დაუძახა ტუხელმა პიკფორდს.

ინგლისმა ანგარიში „სანის“ აზრით საეჭვო პენალტით გახსნა ― გოლი ჰარი კეინმა შეაგდო და ამისათვის ორი დარტყმა დასჭირდა. პირველი დომინიკ ლივაკოვიჩმა წესის დარღვევით მოიგერია, ხაზიდან ნაადრევად გამოვიდა, განმეორებითი კი „ბაირნის“ ფორვარდმა უკვე უზადოდ დაარტყა.

შრივერსის ინფორმაციით „წყლის შესვენების“ დროს ტუხელმა ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ კატეგორიულად აუხსნა, თუ რას ითხოვდა მათგან.

კეინის გატანილ პენალტს ასეთი გაგრძელება მოჰყვა: ანგარიში „კომოს“ შემტევმა ნახევარმცველმა მარტინ ბატურინამ ცხრიანში ლამაზი დარტყმით გაათანაბრა, თუმცა მალე კუთხურიდან ჩაწოდებულს კეინმა ეფექტური თავურით კვლავ ხორვატების კარში მიუჩინა ადგილი.

შესვენებამდე წამებით ადრე „დალასის“ თავდამსხმელმა პეტარ მუსამ მეორედაც გაათანაბრა ანგარიში.

მეორე ტაიმში ჯუდ ბელინგემმა და მარკუს რაშფორდმა ინგლისელების გამარჯვებას ძახილის ნიშანი დაუსვეს.

ტუხელი შესვენებამდე ნანახით უკმაყოფილო იყო: „ჩვენი შესრულებით პირველი ტაიმი რთული და ჩახლართული გამოვიდა. დაძაბულები ვიყავით, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრისთვის შეიძლება ნორმალურიცაა. ვიღებდით არასწორ გადაწყვეტილებებს. როდესაც მოკლე პასი იყო გასაკეთებელი, გრძელ პასს ვაკეთებდით, ვრისკავდით, ტემპის ასაწევად პასებს გადაბმით ვერ ვაწვდიდით ერთმანეთს ― თქვა მან.

შეხვედრა მნიშვნელოვანი გამოდგა ჰარი კეინისთვის, რომელიც ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით დევიდ ბექემს გაუტოლდა (115), მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლებით კი გარი ლინეკერის გვერდით დადგა – 10.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.