ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!

ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!

მომავალ შაბათს, 20 ივნისს, პლანეტის ერთ-ერთ ყვველაზე საკულტო სარაგბო არენა „თვიქნემზე“, რომელსაც დღეს სასპონსორო სახელად „ალიანც სთედიუმი“ ეწოდება, ინგლისის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.

და თუ ლონდონში გასამართი ფინალის ერთი მონაწილე სავარაუდოზე მეტად მოსალოდნელი იყო, მეორემ ნახევარფინალში ნამდვილი სენსაცია შექმნა.

მოგეხსენებათ, რეგულარული სეზონი „ნორთემპტონ სეინთსმა“ საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო და ნახევარფინალში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ლესტერ თაიგერსი“ შედარებით იოლად დაამარცხა – 45:31.

აი, მეორე ნახევარფინალში კი ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ბათმა“ ბაჩუკი ჭუმბაძის „ექსეტერ ჩიფს“ უმასპინძლა და საქმეც, თითქოსდა, პირველივე ტაიმში მოათავა – 26:10. მაგრამ მეორე ტაიმში „ბელადებმა“ თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, ძირითადად შერკინების მძლავრობის ხარჯზე, 3 უპასუხო ლელო გაიტანეს, მათგან ერთ-ერთი გარდასახეს და კინკილა ქულით დაწინაურდნენ. ბოლო ლელოს მომენტში „ექსეტერი“ რიცხობრივ უმრავლესობაში იყო და როცა ბათელებს გაძევებული ფიჯელი გარემარბი დაუბრუნდა, სათამაშო 6 წუთიღა იყო დარჩენილი. მასპინძლებმა მეტოქეთა ლელოს შტურმი მოაწყვეს, მაგრამ სტუმრებმა დიდ წნეხს გაუძლეს, 27:26 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

ცნობისთვის: „ნორთემპტონიც“ და „ექსეტერიც“ ინგლისის სარაგბო ჩემპიონის ტიტულს 2-2 ჯერ ფლობდნენ, ხოლო ბაჩუკი ჭუმბაძე პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც დიდი ალბათობით ინგლისის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

„ბათთან“ საარაკო გამარჯვებაში ჭუმბაძემ სოლიდური წვლილი შეიტანა – თამაშში 44-ე წუთზე ჩაერთო და თავის ბათელ ვიზავი მორკინალს პირწმინდად აჯობა.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.