ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!

ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!

ფლორენტინო პერესი კვლავ „რეალის“ პრეზიდენტია. მან კვირას, 7 ივნისს, მის მიერვე გამოცხადებულ ვადამდელ არჩევნებში დაამარცხა კონკურენტი ენრიკე რიკელმე და 2030 წლამდე უხელმძღვანელებს „ლოს ბლანკოსს“.

არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „რეალის“ გულშემატკივართა შორის ბოლო წლებისთვის უჩვეულო აზრთა სხვადასხვაობაა. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხმათა 65%-ი 35%-ის წინააღმდეგ დიდი უპირატესობაა, მაგრამ თუ წინა არჩევნებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ სურათი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

ფლორენტინო პერესი „რეალს“ 2009 წლიდან უწყვეტად უდგას სათავეში, თუმცა მანამდეც (2000-2006) პრეზიდენტობდა. ახლა დაიწყება მისი თავკაცობის მერვე ვადა. პერესმა კლუბი არნახულ ფინანსურ წარმატებასთან მიიყვანა. წარმოუდგენლად დიდია მისი სპორტული მიღწევებიც. მისი დევიზის – „წინ კიდევ ბევრი ისტორიული მოვლენაა!“ – წარმატების საუკეთესო მტკიცებულება შვიდჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა გახლავთ.

„ჩემი მიზანი ცხადია: „რეალის“ დამოუკიდებლობის დაცვა; კლუბის წევრთა როლის გაძლიერება; სპორტულ ასპარეზზე მსოფლიო ლიდერობის შენარჩუნება“, – თქვა 79 წლის ბიზნესმენმა.

ყველამ იცის, რომ ფლორენტინო გუნდში ახალი ვარსკვლავების მოყვანას აპირებს, ხოლო ის, რომ მწვრთნელის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიუ დაბრუნდება არავისთვისაა საიდუმლო, თუმცა თავად პრეზიდენტს მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი სახელიც არ დაცდენია.

გასულ ორშაბათს ტოლედოში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მან თქვა: „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყოველთვის ჩემთან უნდა იყოს და გამონაკლისი არც ეს წელიწადი იქნება“. მას მერე მთელს მსოფლიოში გაჩაღდა მკითხაობა, თუ ვინ იგულისხმა ფლორენტინომ. ზოგი ვერსიით მან ხალხს ვიტინიაზე მიანიშნა, ზოგის აზრით კი ხვიჩა კვარაცხელიაზე. გამოითქვა სხვა მოსაზრებებიც.

პერესის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა. მას აქვს პროექტი „ბერნაბეუ ინფინიტო“ და ვალდებებასის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქციის გეგმა. პრეზიდენტი კლუბის წევრებს ყოველი სეზონის ექსკლუზიური მაისურების დარიგებასაც დაპირდა. ლაპარაკია მაისურებზე, რომლებიც საჯაროდ არ გაიყიდება.

ბოლოს ფლორენტინო პერესის წინა არჩევნები და მათი შედეგებიც გავიხსენოთ: 2000 წელს მან ხმათა 49.7% მოიპოვა და დაამარცხა წინა პრეზიდენტი ლორენსო სანსი; 2024 წელს მის მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა უკვე 91.6% იყო. ამ არჩევნებში მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ სანსი და არტურო ბალდასანო.

2009, 2013, 2017, 2021 და 2025 წლებში პერესს კონკურენტი არ ჰყოლია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.