რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება

რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება

„რეალის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ენრიკე რიკელმემ წინასაარჩევნო დაპირებებს ახალ დაამატა: იურგენ კლოპი. აქამდე მან ახსენა როდრი და ერლინგ ჰოლანდი. თქვა, რომ შტაბში სამუშაოდ მიიყვანს ფერნანდო იეროს, იკერ კასილიასსა და რაულს, რომელიც მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს.

რიკელმეს არ უთქვამს, რომ კლოპი უკვე დაითანხმა. მან თქვა, რომ რაული მას დაურეკავს და მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ფეხბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ გერმანელ ამ ეტაპზე აქტიურ მწვრთნელობას არ აპირებს, რაც ბევრ ინტერვიუში უთქვამს. ის „რედ ბულის“ საფეხბურთო ჯგუფის დირექტორია, „რედ ბულის“ პროექტი კი ძალიან მასშტაბურია. ის გახლავთ მეპატრონე ისეთი კლუბებისა, როგორებიც არიან „ლაიფციგი“ და „ზალცბურგი“.

ამის მიუხედავად, რიკელმე დარწმუნებულია, რომ ისეთ კლუბში მუშაობის შესაძლებლობა, როგორიც არის მადრიდის „რეალი“ კლოპს აზრს შეაცვლევინებს. ის ადრე „დორტმუნდს“ და „ლივერპულს“ ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, 2018 და 2022 წლებში კი ფინალში გავიდნენ, სადაც სწორედ „რეალთან“ დამარცხდნენ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.