ფრანგულ პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ „პარი სენ ჟერმენის“ შეტევა უკვე კარგად არის ნაცნობი როგორც შინაურისთვის, ასევე მეტოქისთვის. ოსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და ძმანი მათნი… ეს არის ძალა, რომელმაც ლუის ენრიკეს გუნდს ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგა მოუტანა. ზამთარში პარიზელებმა „ბარსელონასგან“ იყიდეს დრო ფერნანდესი, რომელიც ჩამოთვლილებთან შედარებით უკნიდან თამაშობს. საყოველთაო აზრით გუნდში მეტი სიახლის შეტანაა საჭირო.
ახალი ფეხბურთელების შეძენის აუცილებლობა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გამოიკვეთება, თუ გონსალო რამუში წავა. „პარიზიენი“ წერს, რომ სკაუტებს სამ ფეხბურთელზე აქვთ თვალი დადგმული. ერთი ფრანგულ ლიგაში კარგად არის ცნობილი, მეორე მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო მესამე იმედისმომცემი ვარსკვლავი.
ალექსეი ბატრაკოვი
პარიზული გუნდისთვის რუსი ფეხბურთელი უცხო არ არის. პსჟ-მ მეორე ჩემპიონთა ლიგა სწორედ რუსი მეკარის, მატვეი საფონოვის დახმარებით მოიგო და ახლა შეიძლება გუნდში მისი 173 სანტიმეტრიანი თანამემამულეც მიიყვანონ. ლაპარაკია მოსკოვის „ლოკომოტივის“ გამთამაშებელ ბატრაკოვზე, რომელიც 21 წლისაა და ცნობილი არ გახლავთ, რაც რუსული კლუბების საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთით არის განპირობებული. ფრანგული გაზეთი გვარწმუნებს, რომ მასზე ნიჭიერი მოთამაშის პოვნა დღეს რუსეთში ძნელია. ის ცაციაა; ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა.
ელი ჟუნიორ კრუპი
19 წლის ბიჭმა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის „ლორიანში“ თამაშობდა, უცებ პრემიერლიგას გაართვა თავი და თან ძალიან კარგად. ახალგაზრდა „ლურჯების“ ცენტრალური თავდამსხმელმა „ბორნმუთში“ ორი რეკორდი დაამყარა. მან პირველსავე პრემიერლიგურ სეზონში 13 გოლი გაიტანა და გახდა პირველი 20 წელზე ახალგაზრდა ვინც პრემიერლიგის სამივე გუნდს შეუგდო – „არსენალს“, „მანჩესტერ სიტის“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“. „ბორნმუთს“ მისი ყიდვა 13 მილიონი ევრო დაუჯდა. კრუპის საფრანგეთში დაბრუნება პარიზელებს გაცილებით მეტი დაუჯდებათ.
ხულიან ალვარესი
არგენტინელი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. გასული სეზონი ცოტა უცნაური ჰქონდა: ლა ლიგაში 8 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი მეტი – 10. ალვარესი 26 წლის არის. მისი ყიდვა „ბარსელონასაც“ უნდა. არგენტინაში „რივერ პლეიტში“ თამაშობდა. ევროპაში „მანჩესტერ სიტიმ“ წამოიყვანა. თუ პსჟ-ში გადავა, ეს ტოპ-5 ლიგიდან მისთვის მესამე იქნება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე03/06/2026 | 13:09ვის უმიზნებს პსჟ?
მთავარი ამბავი03/06/2026 | 09:02იანის ჰაჯი: საქართველოსთან ფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ…
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ