მესი და ოცდახუთი

მესი და ოცდახუთი

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ დაასახელა იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა, ვინც მუნდიალზე გაემგზავრება. გუნდის კაპიტანია ლეო მესი, რომელიც ერთ თვეში 39 წლის გახდება. რამდენიმე დღის წინ მესის ბარძაყის კუნთი ატკივდა, მაგრამ როგორც ამბობენ ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს.

არგენტინელებს მსოფლიოს ჩემიონატზე მიჰყავთ ფეხბურთელების ჯგუფი, რომელშიც ბევრი 2022 წლის ჩემპიონია. სიურპრიზები ფაქტობრივად არ არის. ერთადერთ სიურპრიზად „რეალის“ 18 წლის ნახევარმცველ ფრანკო მასტანტუნოს არყოფნას თუ ჩავთვლით.

„ალბისელესტეს“ შეუძლია მოედანზე ფაქტობრივად ის გუნდი გაიყვანოს, რომელმაც 2022-ში საფრანგეთთან ფინალი პენალტებით მოიგო. ერთადერთი, ვინ იმ ფეხბურთელებიდან არ იქნება, ანხელ დი მარიაა, რომელმაც 2024 წელს კოპა ამერიკას მოგების შემდეგ გამოაცხადა, რომ ნაკრებში აღარ ითამაშებს.

მესიმ მოედანზე ერთი წუთითაც რომ შედგას ფეხი, დაფიქსირდება, რომ ის ექვსი მუნდიალის მონაწილეა. ეს იქნება რეკორდი, რომელსაც არგენტინელი კრიშტინუ რონალდუსთან ერთად დაამყარებს.

კვირას, MLS-ის ბოლო ტურის შეხვედრაში „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა მესიმ მარცხენა ბარძაყის უკანა მხარეს ტკივილი იგრძნო და შეცვლა ითხოვა.

ორშაბათს კლუბმა „ინტერ მაიამიმ“ გამოაცხადა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი გადაღლილია და ეს ტკივილიც კუნთის დაღლისგან მოდის. მესის აქტიურობის ხარისხი კლინიკურ და ფუნქციურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

სამშაბათს, არგენტინელთა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოამჟღავნა, როდესაც თქვა, რომ პირველი ცნობები არც ისე ცუდია.

სკალონი: „ბუნებრივია გვერჩივნა, რომ მას არაფერი მოსვლოდა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ როგორ წავა გამოჯანმრთელების პროცესი. უპირველესი ყოვლისა საჭიროა ახალი გამოკვლევები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი მართლა ისეა, როგორც ამბობენ’’.

2023 წელს „ინტერ მაიამიში“ გადასვლის შემდეგ მესი დატვირთვას მკაცრად აკონტროლებს და როდესაც გუნდს მეტისმეტად მჭიდრო გრაფიკი აქვს, ხელმძღვანელობა მას ზოგიერთი თამაშიდან ათავისუფლებს. ბოლო წლებში ის რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში მუხლქვეშა მყესის პრობლემის გამო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები J ჯგუფშია, სადაც აგრეთვე არიან ალჟირი, იორდანია და ავსტრია. „ალბისელესტეს“ პირველი შეხვედრა კანზას სიტიში ალჟირთან 16 ივნისს უწევს.

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხერონიმო რული (მარსელი), ხუან მუსო (ატლეტიკო);

მცველები: გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), ლისანდრო მარტინესი მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემ ჰოთსფური), ფაკუნდო მედინა (მარსელი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი);

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედასი (ბოკა ხუნიორსი), როდრიგო დე პაილი (ინტერ მაიამი), ესეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), ჯოვანი ლო სელსო (რეალ ბეტისი), ვალენტინ ბარკო (სტრასბური);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ნიკოლას პასი (კომო), ტიაგო ალმადა (ატლეტიკო), ნიკოლას გონსალესი (ატლეტიკო), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხოსე მანუელ ლოპესი (პალმეირასი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო).

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.