რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!

რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!

დანიელ რიოლო არის იტალიური წარმოშობის ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, მწერალი და რადიოწამყვანი. მას ახასიათებს პირდაპირი ლაპარაკი, ხშირად საკამათო მოსაზრებების გამოთქმა. რიოლოს გადაცემა RMC’s After Foot საფრანგეთში ძალიან რეიტინგულია. ის აზრებს არასდროს ფილტრავს და ამბობს, რომ „ლივერპულს’’ გნებავთ ტაქტიკურად და გნებავთ ფეხბურთელების კლასის მიხედვით „პარი სენ ჟერმენთან’’ პირველ შეხვედრაში ნაწვნევი 0:2-ის შემობრუნების შნო არ აქვს. ის, რასაც ესპანურად „რემონტადას’’ ხოლო ინგლისურად „ქამბექს’’ უწოდებენ, ვერ შედგება!

რიოლომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის წინ თავის გადაცემაში განაცხადა, რომ კატასტროფული თეორიების გამოგონება საჭირო არ არის.

„ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთს გიჟური ღამეები ახასიათებს, მაგრამ ამის მიღმა მე არგუმენტს ვერ ვხედავ. ვერაფერი მაფიქრებინებს, პსჟ-ს „ენფილდზე’’ საქმე შეიძლება ცუდად წაუვიდეს’’, – თქვა ჟურნალისტმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ლუის ენრიკეს გუნდი შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და აღარ არის ისეთი მოწყვლადი, როგორიც იყო ადრე, როდესაც „ბარსელონასთან’’ ან „მანჩესტერ იუნაიტედთან’’ პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ მარცხდებოდა.

რიოლომ თქვა: „რასაკვირველია, ნებისმიერი ადამიანი გაიხსენებს რომელიმე სრულიად გიჟურ თამაშს, როდესაც ამა თუ იმ გუნდმა თამაში შემოატრიალა, მაგრამ დღევანდელი პსჟ მე უფრო იმ წლების მადრიდის რეალს მაგონებს, რომელსაც წარმატების წარმატებაზე მიღწევა შეეძლო.’’

ინგლისური პრესა დიდ აქცენტს აკეთებს „ენფილდის’’ ფაქტორზე, მაგრამ ფრანგი ჟურნალისტი ამბობს: „ცხადია „ლივერპული’’ პირველივე წუთიდან პრესს მოაწყობს, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით პარიზელები მენტალურად იმდენად ძლიერები არიან და თავიანთი ფეხბურთის ისე ღრმად სწამთ, რომ „ლივერპულის’’ ტრიუმფს, თუნდაც „ენფილდის’’ ფაქტორის გათვალისწინებით, ვერ ვხედავ. მერსისაიდელების სასარგებლოდ რაციონალური არგუმენტი არ არსებობს. „ლივერპული’’ „პარი სენ ჟერმენს’’ ვერც ფეხბურთელებით შეედრება, ვერც გუნდური თამაშით და ვერც ტაქტიკით’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.