ლივერპული შინ წაგებას გადარჩა

Home კატეგორიის გარეშე ლივერპული შინ წაგებას გადარჩა
ლივერპული შინ წაგებას გადარჩა

„სანდერლენდის’’ ფრანგი მცველის, 28 წლის ნორდი მუკიელეს უიღბლობამ, ფლორიან ვირცის დარტყმული ბურთის თავის კარში ჩაჭრამ  „ლივერპულს’’, რომლის კარს კვლავ არ იცავდა გიორგი მამარდაშვილი, ქულა გადაურჩინა. ეს იყო მერსისაიდელების პირველი ფრე მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად. 14 ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი 22 ქულით მე-8 ადგილზეა. ლიდერ „არსენალს’’ 33 ქულა აქვს.

ანგარიში მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე მაროკოელმა შემსდინ ტალბიმ გახსნა.

ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს როგორ ითამაშა ინგლისური მედიის მიერ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა ალისონმა, რომელიც „წითლების’’ მთავარი მეკარეა და როგორც ამბობენ, სანამ ის ჯანმრთელადაა და გუნდშია მამარდაშვილს შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ აქვს.

Liverpoolecho (6) – პირველ ტაიმში თავდაჯერებულმა მოიგერია რამდენიმე დარტყმა. ტრეი ჰუმის დარტყმულს ხელი მიჰკრა, რის მერეც ის ხარიხას მოხვდა. თუმცა ბურთის ფეხით განაწილებაში თანმიმდევრული არ იყო.

liverpool.com (6) – შესვენებამდე დაღმავალი ბურთი კარს მიღმა გადააგდო, რაც კარგი იყო, მანამდე კი გაუმართლა, როდესაც მისი მოგერიებული ხარიხას მოხვდა და კარში არ შევიდა. „ვესტ ჰემთან’’ შეხვედრასთან შედარებით გაცილებით მეტად იყო თამაშში ჩართული.

Thisisanfield (5) – შორიდან დარტყმული ბურთი მისი ხელიდან ხარიხას მოხვდა, რაც მთლად დამაჯერებელი მოქმედება არ იყო. გარდა ამისა გადარჩა „პიკფორდის გამეორებას’’, როდესაც უხერხული დარტყმა კარს მიღმა გადააგდო. ფეხით ბურთის განაწილება არ უვარგოდა, რაც მისი გამოჯანმრთელების შემდეგ შესამჩნევია.

Flashscore – 7.3; sofascore – 6.4; whoscored – 6.3; skysports – 6.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.