დეზირე დუე 2025 წელს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ამომავალ ვარსკვლავად იქცა. 20 წლის ფრანგმა თავი გამოიჩინა „პარი სენ ჟერმენში’’, რომელმაც მოიგო ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული, ქვეყნის თასი, ქვეყნის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. ამ წელს შედგა დუეს დებიუტი ეროვნულ გუნდშიც. თავდამსხმელზე წერენ, რომ ის მეტად ამბიციურია. მას არ აკმაყოფილებს ადგილი საუკეთესოთა შორის, მას ეპოქისთვის კვალის დამჩნევა უნდა. საამისოდ დუემ შთამბეჭდავი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარულ ფინალში, სადაც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ინტერს’’ 5:0 მოუგო და ორი გოლი სწორედ დუემ გაიტანა.

დეზირე დუეზე ამდენი იმიტომ ვილაპარაკეთ, რომ იტალიურმა „ტუტოსპორტმა’’ ტურინის 205 მეტრიან ცათამბჯენ Grattacielo della Regione Piemonte-ში მოაწყო 2025 წლის „ოქროს ბიჭის’’ (21-წლამდელის) დაჯილდოება. ფინალურ ოცდახუთეულში შედიოდნენ: დეზირე დუე, პაუ კუბარსი, მაილს ლუის-სკელი, უარენ ზაირ-ემერი, დინ ჰუისენი, ქენან ილდიზი, ითან ნვანერი, ჯოვანი ქუენდა, იორელ ჰატო, არჩი გრეი, ელიეს ბენ სეგირი, ლენი იორო, არდა გიულერი, ვიქტორ ფროჰოლდტი, ლეკას ბერგვალი, მამადუ სარი, სენი მაიულუ, ესტევაო, ფრანკო მასტანტუონო, ნიკო ო’რეილი და ოთხი „ველური ბარათის’’ მფლობელი ჯობ ბელინგემი, ფრანჩესკო პიპო ესპოზიტო, ალექსანდარ სტანკოვიჩი, ჯოვანი ლეონი და როდრიგო მორა. როგორც მოსალოდნელი იყო გაიმარჯვა დეზირე დუემ.

„ბედნიერი ვარ ეს ჯილდო რომ მივიღე. ვფიქრობ წლეულს თამაშის ხარისხი ძალიან დავხვეწე. ჩვენ კლუბთა მსოფლიო თასის გარდა ყველა შეჯიბრებაში გავიმარჯვეთ, ამიტომ ეს ჯილდო მოგებული ტიტულების და ამ წარმატებებში ჩემ მიერ შეტანილი წვლილის გამოძახილია. როდესაც „პარი სენ ჟერმენთან’’ ხუთწლიან კონტრაქტს ხელს ვაწერდი, ვიცოდი, რომ დიდ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვიწყებდი თამაშს, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერს ერთ წელიწადში მოვიგებდი. ფინალში „ინტერთან’’ 5:0 ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო. ბავშვობაში ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობდი. ჩემი მეორე ანუ მატჩის მესამე გოლის შემდეგ ვიცოდი, რომ მოვიგებდით’’, ― უთხრა დუემ „ტუტოსპორტს’’.
სხვა ჯილდოები ასე განაწილდა: იტალიის „ოქროს ბიჭი’’ ― პიო ესპოზიტო (ინტერი); „ოქროს გოგო’’ ― მიშელ აჯიმენი (ბრაიტონი); „ოქროს ბიჭი’’ ონლაინ ხმებით ― ხრისტოს მუზაკიტისი (ოლიმპიაოსი); კარიერისთვის ― ლილიან ტურამი; საუკეთესო იტალიელი გოგო ― ევა შატზერი (იუვენტუსი); საუკეთესო აგენტი ― ალი ბარატი; საუკეთესო პრეზიდენტი ― ნასერ ალ-ხელაიფი (პსჟ); საუკეთსო მენეჯერი ― ლუიშ კამპუში (პსჟ), „ოქროს მოთამაშე’’ ― დიოგო ჟოტა; „ოქროს მოთამაშე ქალი’’ ― ლეა უილიამსონი (არსენალი).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
