ახდა მილიონობით ალჟირელი ქომაგის ოცნება: ზიდანი მათი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს, თუმცა ბუნებრივია ის ვერაფრით იქნება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ზენედინი. ლაპარაკია მის ვაჟზე, 27 წლის მეკარეზე ლუკა ზიდანზე, რომელსაც ისტორიული სამშობლოს ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს და ვერც ექნება, მაგრამ თავად ცნობამ ფეხბურთის მოყვარულები ააფორიაქა. ამ დღეებში გაისმის კითხვა: როდის და რატომ გადაწყვიტეს თანამშრომლობა ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ და ესპანური „გრანადას’’ კარის მცველმა?
კითხვაზე „რატომ’’ ალჟირის ფეხბურთში გარკვეული ხალხი პასუხს შედარებით იოლად სცემს: ლეგენდარული რაის მ’ბოლის შემდეგ „უდაბნოს მეომრებს’’ კარის საიმედო მცველი აღარ ჰყოლიათ. ვინ არ სცადეს. ამასწინათ, გუნდის ბოსნიელმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა პრეს-კონფერენციაზე ბრაზი ვერ დამალა: „სადღეისოდ სამი საუკეთესო გოლკიპერი გამოვიძახე, ყველა ღონე ვიხმარე რომ დავხმარებოდი მათ, მაგრამ უშედეგოდ. ნაკრების კარში მესამე დივიზიონის ფეხბურთელს ხომ ვერ ჩავაყენებ?’’
ამჟამად პირველი მეკარეობის ყველაზე დიდი შანსი ალჟირული „ალჟერის’’ კარის მცველს, სენტ ეტიენში დაბადებულ ალექსის გენდუზს აქვს.
როგორც მოგახსენეთ იმ მეკარეებმა, რომელთაც ბოლო წლებში ალჟირის ნაკრების კარის დაცვის შანსი მიეცათ, ვერ გაამართლეს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში „უდაბნოს მეომრების’’ მეტოქეები იყვნენ მოზამბიკი, გვინეა, სომალი, ბოტსვანა და უგანდა და აი, ასეთ ჯგუფში გუნდმა 8 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა. შედეგად, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ პეტკოვიჩს დახმარება აღუთქვა და… მოლაპარაკებები დაიწყო ლუკა ზიდანთან. როგორც ახლა ირკვევა ეს მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ისიც უნდა ითქვას, რომ ზიდანის აყვანის გადაწყვეტილება მთლად ერთსულოვანიც არ ყოფილა.
ერთი შეხედვით ლუკა ზიდანს კარგი cv აქვს: „რეალის’’ აღზრდილია, ძმები ზიდანებიდან მეორეა, რომელსაც საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია და რაც მთავარია საოცრად მარკეტინგული გვარი აქვს. ამბობენ, რომ მართალია ლა ლიგის ტოპ-გუნდებში ვერ დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ მაინც საიმედო მეკარეა. მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო, ლა ლიგა 2-ში ხუთიდან ოთხ ტურში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაუშვა.
სამაგიეროდ ლუკა ზიდანი აშკარად ალჟირის პატრიოტია. როგორც საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა თქვეს, როგორც კი ისტორიული სამშობლოს ფეხბურთის ფედერაციამ თხოვნით მიმართა, მყისვე დათანხმდა.
რამდენად ერთგვაროვანია ალჟირელი გულშემატკივრის რეაქცია ზიდანის ნაკრებში მიწვევაზე? არ არის ერთგვაროვანი. როგორც ადგილობრივი ბლოგერი და ჟურნალისტი იასინი წერს, კომენტარებში ბევრი წერს, რომ ლუკა ზიდანი უკვე 27 წლისაა და ალჟირში მხოლოდ მას მერე მიდის, რაც სხვაგან ფეხი ვერ მოიკიდა. ეჭვქვეშ აყენებენ მის ამჟამინდელ ფორმასაც. გარდა ამისა აბობენ, რომ პეტკოვიჩს ჯერ ალჟირის ჩემპიონატის ყველა მეკარე არ გამოუცდია. ასე რომ, რამდენად ძლიერი მეკარეა ალჟირის ნაკრების ახალმა კარის მცველმა მოედანზე უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ზიდანი „გრანადაში’’ გიორგი წიტაიშვილის თანაგუნდელი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
