ნუნიესი არაბეთში გადაბარგდა

Home კატეგორიის გარეშე ნუნიესი არაბეთში გადაბარგდა
ნუნიესი არაბეთში გადაბარგდა

Darwin Nunez of Liverpool during the MEIJI YASUDA J.LEAGUE World Challenge 2025 presented by The Nippon Foundation match between Yokohama F•Marinos...26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან’’ „ალ-ჰილალში’’ გადავიდა. საუდელებმა მასში 53 მილიონი ევრო გადაიხადეს. ნუნიესმა „ენფილდზე’’ სამი წელიწადი გაატარა. უფრო ადრე ის „ბენფიკაში’’ თამაშობდა, საიდანაც მერსისაიდელებმა 75 მილიონს პლუს ბონუსებად იყიდეს.

ინგლისში ნუნიესმა 143 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. მან არნე სლოტისეული გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა ბოლო წრეში მხოლოდ რვაჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ამიტომ საუდეთში გადასახლება ამჯობინა. ახლა ის რიადში „კინგდომ არენაზე’’ შეუართდება რუბენ ნევეშს, ალექსანდარ მიტროვიჩს, თეო ერნანდესს და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს.

„ლივერპულმა’’ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: „ნუნიესისთვის 2024-25 წლების სეზონი „წითლების’’ შემადგენლობაში ბოლო აღმოჩნდა. მან მერსისაიდზე გამოსვლა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის მოგებით დაასრულა. იანვარში, მის მიერ „ბრენტფორდის’’ კარში გატანილი გოლები ულაპარაკოდ გადამწყვეტთაგანი გამოდგა ისტორიულ სეზონში. კლუბში ყველას უნდა დიდი მადლობა გადაუხადოს დარვინს მის მიერ შეტანილი წვლილისთვის და უსურვოს მას მომავალში ყველაფერი საუკეთესო’’.

ნუნიესის ტრანსფერს წინ ლუის დიასის „ბაირნში’’ გადასვლა უძღოდა. შედეგად, „ლივერპულმა’’ გვარიანი თანხა იშოვა და ახლა შეუძლია შვედი ფორვარდი ალექსანდერ ისაკი იყიდოს.

„ნიუკასლის’’ თავდამსხმელი „წითლების’’ სატრანსფერო სიაში პირველ ადგილზე წერია და მიუხედავად იმისა, რომ უგო ეკიტეკე შეიძინა, შვედის გადაბირებაზე ჯერ კიდევ არ აუღია ხელი. სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის რამდენიმე კვირა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.