წითელი ტური

წითელი ტური

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს ფეხბურთს, თამაშობს ამერიკულ ფეხბურთს და ტექსტი გამოსახულებაორთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. ეს პერიოდი ყველაზე რთულია ხოლმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთში იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში, ივლისში, ყველა კლუბი ნაადრევად ვარდება ევროთასებიდან და ეს დეპრესიული განწყობა თამაშებსაც ეტყობა.

მაგალითად მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ აუტსაიდერ „თელავთან“ შინ დამარცხდა – 2:3. ორჯერ იგებდა და ბოლოს მაინც წააგო. თანაც სამივე შემთხვევაში თელაველებმა უკვე კაცნაკლულებმა გაიტანეს გოლები. „იბერია“ 44 ქულით კვლავ ლიდერია, „თელავი“ კი ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე ამოვიდა, „კოლხეთს“ გადაუსწრო.

„სამგურალი“ – „კოლხეთის“ შეხვედრაშიც, მასპინძელი წყალტუბოელები უკვე მე-5 წუთზე დარჩნენ უმცირესობაში, მაგრამ მაინც მოიგეს (2:0).

ფეხბურთელი გააძევეს „დილა“ – „გარეჯის“ მატჩშიც. 87-ე წუთზე არბიტრმა  გიორგი ავაზაშვილმა გარეჯელი გიორგი გაბაძე მოედნიდან მეორე ყვითლის მიღების გამო დაითხოვა. ტურის ხუთ შეხვედრაში სამი გაძევება. ალბათ ბევრია.

„დილამ“ გაიმარჯვა (2:0) და ლიდერ „იბერიას“ ახლა უკვე მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

თბილისის „დინამომ,“ რომელიც საზაფხულო პაუზისას საგრძნობლად გადახალისდა, „ბათუმს“ სტუმრად 1:4 სძლია და 32 ქულით მესამე ადგილზე დადგა, „ბათუმი“ კი მეხუთე საფეხურზე დაეშვა.

იბერია 2:3 თელავი

1:0 აკიაგავა (9), 1:1 გაბიტაშვილი (36), 2:1 დადიანი (45), 2:2 იობაშვილი (45+3), 2:3 ბაშელეიშვილი (85)

გაძევება: ჟივიძე (32) – თელავი

სამგურალი 2:0 კოლხეთი

1:0 ველისოლი (45+3), 2:0 ფანცულაია (90+1 პენ)

გაძევება: ჯერალდო (5) – სამგურალი

დილა 2:0 გარეჯი

1:0 ბასინგა (34), 2:0 მენდეში (90+3)

გაძევება: გაბაძე (87) – გარეჯი

ტორპედო 2:1 გაგრა

1:0 ანდრიჩი (17), 1:1 ოთარ გაგნიძე (55), 2:1 ბასილაძე (90)

ბათუმი 1:4 დინამო

0:1, 0:2 გომისი (21, 38), 0:3 სირაძე (45+5), 1:3 ხოზრევანიძე (47), 1:4 ჩიქოვანი (87)

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.