„ლუის ენრიკემ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჟოაო პედროს სილა გააწნა, რითაც მასობრივი ჩხუბი გამოიწვია’’, – წერს ინგლისური „სანი’’, რომლის საიტზეც ჩხუბის ამბავი საკუთრივ თამაშის მიმოხილვაზე მაღლა ჰქონდათ გამოტანილი. ინგლისური ტაბოლიდი ამბობს, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა მატჩის 0:3 წაგების შემდეგ თავი დაკარგა და „ჩელსის’’ ახალ ვარსკვლავს თავს დაესხა. ჟოაო პედრომ პარიზელთა კარში მესამე გოლი შეაგდო, პირველი ორი ფაქტობრივად იდენტური გოლი კი პალმერმა გაიტანა. როგორც მერე გაირკვა ეს გოლები ლონდონელებს წინასწარ ჰქონიათ მოფიქრებული. ამრიგად, კონფერენციის თასის მფლობელმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დაამარცხა. პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე უკვე ის ანგარიში ეწერა, რომელიც საბოლოოდ დაფიქსირდა.
პსჟ-მ დასავლეთ ლონდონელებს შესვენების მერეც ვერაფერი მოუხერხა. შეხვედრის მიწურულს ლუის ენრიკეს ფეხბურთელები ისე გაღიზიანდნენ, რომ ჟოაო ნევეშმა მარკ კუკურეიას თმაც კი მოქაჩა, რის გამოც ის მოედნიდან გააძევეს.
ყველაზე დიდი დაპირისპირება საფინალო სასტვენის შემდეგ დაიწყო: როგორც მოგახსენეთ, პედრო ლუის ენრიკეს დაუპირისპირდა, რის პასუხადაც პარიზელთა მწვრთნელმა მას სილა გააწნა. ბრაზილიელი, რომელიც „ჩელსიმ’’ ამ ზაფხულს 60 მილიონ გირვანქად იყიდა, დაეცა. ორივე გუნდის მოთამაშეები შექუჩდნენ და ატყდა გაწევ-გამოწევა. აქტიურობდა ჯანლუიჯი დონარუმა. ინგლისური გუნდის მწვრთნელი ენცო მარესკა ფეხბურთელების გაშველებას შეუდგა, ლუის ენრიკე კი იქაურობას გაარიდეს.
„სანი’’ წერს, რომ პარიზელთა მწვრთნელის სამარცხვინო საქციელმა „ჩელსის’’ განწყობა ვერ გაუფუჭა. ლონდონელებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმეს. ტაბლოიდი ხაზს უსვამს, რომ დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც ეტყობა ყურადღების ცენტრში ყოფნა სჭირდებოდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა პალმერმა თქვა: „შესანიშნავი განცდაა. ის კიდევ უფრო ძლიერდება როდესაც იხსენებ, რომ თამაშის წინ ჩვენში ბევრს ეჭვი ეპარებოდა. დღეს შესანიშნავ გუნდს შევხვდით და ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. მე მიყვარს ფინალებში გატანა. მიხარია, რომ ეს კიდევ განმეორდა. მწვრთნელმა შესანიშნავი გეგმა შეიმუშავა. ზუსტად ვიცოდით სად იყო თავისუფალი ზონები და სად შეიძლებოდა უმეთვალყურეოდ დავრჩენილიყავი. ასეთი გეგმის პასუხად მე მარესკასთვის იმედი არ უნდა გამეცრუებინა და რამდენიმე გოლი უნდა გამეტანა. მან გამორჩეული, მნიშვნელოვანი ახალგაზრდული გუნდი შექმნა. მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ შესახებ უამრავ საძაგლობას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ’’.
მარსეკამ თქვა: „ფეხბურთელები ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ. ჩვენ შეხვედრა პირველ ათ წუთში მოვიგეთ. თამაშის ტემპი ჩვენ დავაწესეთ. სამწუხაროდ, ასეთ სიცხეში მთელი 90 წუთის განმავლობაში მაღალი ტემპის შენარჩუნება შეუძლებელია. კოული ისეთ პოზიციაზე გავაწესეთ, სადაც მისთვის სივრცეები გამოჩნდებოდა. მოუთმენლად ველი მომავალს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მოუთმენლობით ველი სამკვირიან შვებულებას’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
