კოლინა სიახლეებით კმაყოფილია

Home კატეგორიის გარეშე კოლინა სიახლეებით კმაყოფილია
კოლინა სიახლეებით კმაყოფილია

ყოფილმა მსაჯმა, ფიფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ პიერლუიჯი კოლინამ თქვა, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დანერგილი ახალი წესებით კმაყოფილია. ლაპარაკია სხეულზე დამაგრებულ კამერებზე, ნახევრადავტომატურ ტექნოლოგიებსა და მეკარეთათვის დროის გაყვანის შეზღუდვაზე. აღსანიშნავია, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველი შეჯიბრებაა, სადაც სხეულზე დამაგრებული კამერები გამოცადეს.

„კამერების ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა. ველოდით, რომ მაყურებლისთვის ეს რაკურსი საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა ვერ წარმოვიდგენდით. ბევრი გვეკითხება, რატომ არ იყენებენ ასეთივე კამერებს სპორტის სხვა სახეობებში. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საკუთარი თვალით დავინახოთ, თუ როგორ ხედავს მსაჯი ეპიზოდს. სხეულზე მიმაგრებული კამერები ხომ მხოლოდ გასართობად არ მოგვიგონია. მათ სხვა ფუნქციაც აქვთ: არბირტების კვალიფიკაციის ამაღლება და ხალხისთვის იმის განმარტება, თუ რატომ არ ჩანს ყველაფერი როდესაც ქვემოთ, მოედანზე იმყოფები.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე იყო მეკარეთათვის დროის გაყვანის შესაძლებლობის მოსპობა. კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბურთის დიდხანს გორებისთვის მხოლოდ ორი მეკარე დასაჯეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ახალ წესს პატივს სცემენ.

რაც შეეხება ნახევრადავტომატურ ტექნოლოგიებს: აშკარა ოფსაიდის შემთხვევაში თანამსაჯებს სიგნალი ძალიან იოლად მისდით. ეს ტექნოლოგია შესანიშნავად მუშაობს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთელებიც კარგად თამაშობენ და მსაჯებიც ჩინებულად ემსახურებიან მატჩებს’’, ― თქვა კოლინამ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.