ყველაზე დიდ გაურკვევლობაში მიქაუტაძეა

Home კატეგორიის გარეშე ყველაზე დიდ გაურკვევლობაში მიქაუტაძეა
ყველაზე დიდ გაურკვევლობაში მიქაუტაძეა

Georges Mikautadze of Olympique Lyon celebrates his goal during the Ligue 1 McDonald's match between Olympique Lyonnais and Stade Rennais FC 1901 at...„ლიონი’’ ახალ სეზონს ელოდება: ლიგა 2-ში დაქვეითებას გადარჩენილი „გონები’’ 17 აგვისტოს ლიგა 1-ის ახალ სეზონს იწყებენ. მათ პირველი შეხვედრა სტუმრად აქვთ „ლანსთან’’. და მაინც, ჟორჟ მიქაუტაძის მშობლიური ქალაქის კლუბი ტურბულენტურობის ზონიდან არ გამოსულა. ამერიკელი ჯონ ტექსტორის შეცდომებით აღსავსე ორწლიანი მმართველობა უკვალოდ ვერ ჩააივლიდა. მართალია, ლიონელთა გერმანელი სპორტული დირექტორი მიხაელ გერლინგერი ცდილობს ტაქტიანად ილაპარაკოს, მაგრამ როგორც ჩანს რონისპირელები მკაცრი ეკონომიის რეჟიმში გადადიან.

ეკონომია იმას ნიშნავს, რომ შეიცვლება ფეხბურთელების ყოველდღიურობაც. „ეკიპი’’ წერს, რომ სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად შემცირდება. ის ორი წლის წინ 160 მილიონ ევროს უდრიდა, უახლოეს წლებში კი 60 მილიონამდე უნდა შემცირდეს. აღსანიშნავია, რომ დიდხელფასიანი ფეხბურთელების ალექსანდრ ლაკაზეტის, ნიკოლა ტალიაფიკოსა და რაიან შერკის წასვლამ კლუბს ამ მხრივ უკვე გაუადვილა საქმე.

სახელფასო ფონდს მომავლის სავარაუდო გაყიდვებიც შეამცირებს. ასე მაგალითად, გვარიან ხელფასს იღებდა ნემანია მატიჩი. მცირე ხელფასი არც ნახევარმცველ ჟორდან ვერეტუს ჰქონდა, მაგრამ ფრანგული პრესა წერს, რომ მწვრთნელ პაულუ ფონსეკას შესაძლოა სხვა ფეხბურთელებიც გაუყიდონ. ლაპარაკია იმ მოთამაშეებზე, რომელთა გაშვება პორტუგაალიელს არ ეპიტნავება. ისინი არიან: ლუკა პერი, მალიკ ფოფანა, კორინტენ ტოლისო და უპირველეს ყოვლისა ჟორჟ მიქაუტაძე.

Maxifoot წერს, რომ ქართველი თავდამსხმელის მომავალი ამ ეტაპზე ბუნდოვანია. მისი ყიდვა უნდათ „რომას’’, „სანდერლენდს’’ და ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარცოს ინფორმაციით „ატალანტასაც’’, რომელსაც მატეო რეტეგი საუდის არაბეთის „ალ-ქადსიაში’’ მიუდის.

პორტალი წერს, რომ ლიონელებს 23 მილიონიან შეთავაზებაზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდებათ ― ეს გახლავთ თანხა, რომელიც ჯამში თავად გადაუხადეს „მეცს’’ მიქაუტაძის სანაცვლოდ. მითუფრო, რომ ეს თანხა უტოლდება კლუბის კუთვნილი სტადიონის „პარკ ოლიმპიკ ლიონის’’ სადაზღვევო კომპანია „გრუპამასთვის’’ სპონსორული მიზნებით გადაცემის ფასს. „ლიონსა’’ და „გრუპამას’’ შორის ხელშეკრულება სამწლიანი იყო და ვადა 31 ივლისს გაუდის. ჯონ ტექსტორს იმედი ჰქონდა, რომ ხელშეკრულება გაგრძელდებოდა, მაგრამ პარტნიორობის გახანგრძლივებას პირი არ უჩანს. შესაბამისად, წელიწადში 7-8 მილიონი სტადიონის მართვისა და ექსპლუატაციისთვის უკვე აუცილებელი ხდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.