მადრიდის „ატლეტიკომ” ბილბაოს „ატლეტიკს” 2:0 მოუგო და „ბარსელონასთან” შვიდქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. მადრიდელთაგან პირველი გოლი კევინ გამეირომ გაიტანა, მეორე კი დიეგო კოშტამ, რომელმაც მატჩის მერე თქვა, რომ ზოგი მსაჯი მას ვერ იტანს.

კოშტა დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ 0:0-ის დროს ბილბაოელმა უნაი ნუნიესმა მის წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და არბიტრ ხოსე ლუის გონსალეს გონსალესს პენალტის დანიშვნა მართებდა.

„ვფიქრობ, პენალტი იყო. კარში დარტყმას ვაპირებდი, ნუნიესი კი გასრიალდა, შემეხო და წონასწორობა დამაკარგინა. სამწუხაროდ, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. რას ვიზამ, ეს მისი გადასაწყვეტი იყო და ჩივილს არ ვაპირებ”, — თქვა თავდამსხმელმა, რომელიც მიიჩნევს, რომ გონსალეს გონსალესმა კიდევ ერთი უსამართლობა ჩაიდინა, როდესაც ის ყვითელი ბარათით დასაჯა.

„იცით, ზოგ მსაჯს ვეზიზღები და ამას ვერაფერს ვუზამ. ასეთი მსაჯები, როგორც კი მცირე შესაძლებლობა მიეცემათ, ჩემს დასჯას ცდილობენ. რაც არის, არის. ამაზე ფიქრიც აღარ ღირს”.

შემდეგ, კოშტას ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს, რომ გაპროტესტების დროს გადაამლაშა.

„ჩანაწერს თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ უხეშად არ გამიპროტესტებია. ვიმეორებ, უბრალოდ, მსაჯს ჩემი გაფრთხილება უნდოდა, ეს არის და ეს”, — უპასუხა კოშტამ.