პარი სენ ჟერმენიც გლოვობს

Home აქეთურ-იქითური პარი სენ ჟერმენიც გლოვობს
პარი სენ ჟერმენიც გლოვობს

Goncalo RAMOS of PSG and VITINHA of PSG during the training session of PSG on July 3, 2025 in Kennesaw, United States.„პარი სენ ჟერმენმა’’ პორტუგალიელი ფეხბურთელების დიოგო ჟოტასა და მისი ძმის ანდრე სილვას ავტოკატასტროფაში დაღუპვის ამბავი ატლანტაში დილას გაიგეს. პარიზელები ამერიკის შეერთებულ შტატებში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობენ.

პსჟ-მ ვარჯიში ხუთშაბათს, „ბაიერნთან’’ მეოთხედფინალურ თამაშამდე ორი დღით ადრე განაახლა, მაგრამ განწყობა ძიმეა. საფრანგეთის ჩემპიონთა რიგებში ხომ პორტუგალიის ნაკრებში დიოგო ჟოტას თანაგუნდელები ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, გონასლო რამუში და ვიტინია თამაშობენ. მათ სულ ახლახან დიოგო ჟოტასთან ერთად გაიმარჯვეს ერთა ლიგაში.

განსაკუთრებით შოკირებული იყო ვიტინია, რომელიც ორივე ძმას იცნობდა. ვიტინია და ანდრე სილვა „პორტუს’’ ბავშვთა სკოლაში ერთად იზრდებოდნენ.

„ვერ დამიჯერებია რაც მოხდა. სრულ თანადგომას ვუცხადებ ოჯახს. მადლობა ყველაფრისთვის ანდრე და ჟოტა’’, ― დაწერა პარიზელთა ნახევარმცველმა „ინსტაგრამზე’’.

გაირკვა, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს ლუკა ერნანდესიც პირადად იცნობდა. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში მადრიდის „ატლეტიკოში’’ იყვნენ ერთად.

როდესაც ევროპაში ძმების დაღუპვის ამბავი გახმაურდა, „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს სასტუმროში ეძინათ. უმეტესობამ საშინელი ცნობა ახლობლებისგან დილით შეიტყო — როდესაც გაიღვიძეს, ტელეფონში მესიჯები დახვდათ.

მოღუშული საუზმის შემდეგ ლუის ენრიკემ გუნდი კენესოუს სავარჯიშო მოედნის ცენტრში შეაქუჩა და ფეხბურთელებმა ორწუთიანი დუმილით პატივი სცეს დაღუპულ ფეხბურთელებს. პერსონალმა ქუდები მოიხადა. იქვე იყო კლუბის მთავარი კონსულტანტი და სკაუტთა სკაუტი ლუიშ კამპოსიც. დუმილის შემდეგ შეკრებილებმა ტაში დაუკრეს.

გლოვის წუთებში თანაგუნდელებს შეუერთდა ტრავმირებული პრესნელ კიმპემბე, რომელიც კოლექტიურ ვარჯიშში მონაწილეობას ვერ იღებს. ერთადერთი, ბიჭებთან ერთად არ იყო ფაბიან რუისი, რომელსაც ვირუსი შეეყარა და ნომერში დარჩა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.