დემბელე და თითქმის მთელი პარიზი

Home კატეგორიის გარეშე დემბელე და თითქმის მთელი პარიზი
დემბელე და თითქმის მთელი პარიზი

Ousmane DEMBELE - Didier DESCHAMPS during the UNFP Trophy ceremony on May 11, 2025 at Pavillon d'Armenonville in Paris, France.ოსმან დემბელე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „პარი სენ ჟერმენის’’ ათ ნომერს ჯილდო საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა გადასცა. შეგახსენებთ, რომ დემბელე იმავდროულად ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირიცაა. „პარიზიენი’’ აღნიშნავს, რომ ვარსკვლავმა დაჯილდოების ცერემონიალზე დასმულ კითხვებს იუმორნარევი პასუხები გასცა. ასე მაგალითად, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რას იტყვის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, რომელიც პსჟ-ში ლუის ენრიკემ შეურჩია, დემბელემ უპასუხა: „მწვრთნელი მე ჯერ კიდევ მარჯვენა ფრთაზე მაყენებს’’!. ამის გაგონებაზე დეშამიც ხუმრობის ხასიათზე დადგა: „მე მარცხნივ დაგაყენებ’’!

ცოტა ხნით ადრე კი დემბელემ ამავე კითხვას სერიოზულად უპასუხა: „მე ფლანგზე თამაში მსიამოვნებდა, მიყვარდა ბურთის ტარება, თამაშის კალაპოტის შეცვლა. ახლა მეტწილად ცენტრში ვარ, მეტოქის კარის წინ და ეს კონცენტრაციაში, გოლების გატანაში მეხმარება. ცხადად ვხედავ, რომ ახალ დონეს მივაღწიე. ეს სტატისტიკიდან ჩანს, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ეს კოლექტივის, პსჟ-ს ყველა ფეხბურთელისა და შტაბის დამსახურებაა. მე ამ გუნდში დავიხვეწე. 9 ნომრის პოზიცია, ცენტრში თამაში ძალიან მეხმარება. მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. მინდა წარმატებეს მივაღწიო როგორც საფრანგეთის თასზე ასევე ჩემპიონთა ლიგასა ყველა სხვა შეჯიბრებაში’’.

დემბელეს გამარჯვების გარდა დაჯილდოების ცერემონიალზე ყურადღება მიიპყრო სიმბოლურ ნაკრებში „პარი სენ ჟერმენის’’ ტოტალურმა უპირატესობამ: თერთმეტი მოთამაშიდან ცხრა დედაქალაქის გუნდიდან იყო. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით ანგარიშში მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩები მიიღებოდა. აქედან გამომდინარე „პარიზიენს’’ არ გაურკვირდა, რომ სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდა მეკარე ჯიჯი დონარუმა. ხმოსნებმა (ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები) ლიგა 1-ის საუკეთესო გოლკიპერად „ლილის’’ ლუკა შევალიე დაასახელეს. და მეორე „უცხო’’, ვინც თერთმეტეულში მოხვდა გახლდათ „ლიონის’’ ნახევარმცველი, ჟორჟ მიქაუტაძის ჩინებული პარტნიორი და მეგობარი რაიან შერკი.

ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრები ასეთი გამოვიდა: ლუკა შევალიე – აშრაფ ჰაკიმი, უილიამ პაჩო, მარკინიოსი, ნუნუ გომეში – ვიტინია, ჟოაო ნევეში, დეზირე დუე – რაიან შერკი, ოსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა.

პარიზელთათვის სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელად ლუის ენრიკეს დასახელება. საქმე ის არის, რომ ამ წოდებას პსჟ-ს მწვრთნელი ძალიან იშვიათად იგებს. ასეთი რამ ბოლოს 2018 წელს მოხდა, როდესაც ჯილდო ლუის ენრიკეს თანამემამულეს, ესპანელ უნაი ემერის გადასცეს. ხმოსნებს წლების განმავლობაში აშკარად ჩამოუყალიბდათ სტერეოტიპი, რომ როდესაც „პარიზი’’ იმარჯვებს, ეს უფრო კლუბის და იმ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებიც ამ მდიდარმა კლუბმა იყიდა. ამიტომ, მეტწილად საუკეთესოდ ასახელებენ მწვრთნელს, რომლის გუნდმაც ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. ასე მაგალითად, გასულ სეზონში საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნიეს ერიკ რუა, რომელმაც „ბრესტი’’ ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.