Coach Luis Enrique screams at Achraf Hakimi of PSG for arguing with the referee during the Ligue 1 football match between Olympique Lyonnais and...„ლიონისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა პირველ ტაიმში დუნე იყო, შესვენების შემდეგ კი ხუთგოლიან სანახაობად იქცაო, წერს „პარიზიენი’’ და დასძენს, რომ დაძაბულობის მიუხედავად კლუბებს შორის არსებულმა სხვაობამ შეხვედრის ბედი მაინც სტუმრების სასარგებლოდ გადაწყვიტა (3:2). საფრანგეთის დედაქალაქის გუნდი დაჟინებით მიიწევს ისტორიაში მე-13, მიჯრით კი მეოთხე ტიტულისკენ. მატჩის შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა:

ეს შეხვედრა რით იყო თქვენთვის საინტერესო?

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩავატარეთ შესანიშნავი პირველი ტაიმი ძლიერ „ლიონთან’’, რომელიც ცდილობდა გოლი არ გაეშვა. ორი თუ სამი აშკარა საგოლე მომენტიც გვქონდა, მათ კი ერთიც არ ჰქონიათ. მეორე ტაიმი კი უფრო დაძაბული იყო, მაგრამ ორი გოლი გავიტანეთ. როდესაც უპირატესობას ვფლობდით, ვუტევდით. როდესაც მთელი გულით თამაშობ, გონებაც მუდმივად ჩართულია. „ლიონს’’ უნდოდა წაგებისთვის თავი დაეღწია და რისკზე მიდიოდა. ბოლოს ყველაფერი გართულდა. შეხვედრის უკანასკნელი ხუთი წუთი გიჟური გამოვიდა.

რით აიხსნება ის, რომ მეორე ნახევარში პსჟ-მ კარგად ითამაშა?

იმისათვის, რომ მეორე ტაიმში შედეგს მიაღწიო, ჯერ პირველ ტაიმში უნდა ითაშო ძლიერად. ბურთით თუ უბურთოდ მეტოქე უნდა დაქანცო. ძალიან უნდა მიაწვე. მართალია, პირველ ტაიმში გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ მეტოქეზე დიდი ზეწოლა მოვაწყვეთ. ჩვენ საგოლე მომენტების კოეფიციენტი 2 გვქონდა, მეტოქეს კი 0.08.

რა არის თქვენი ინსპირაცია შეტევაში?

პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს  გამარჯვებისა და ტიტულების მოგებისთვის გვჭირდება, მაგრამ თამაშის სტილიც ასეთი გვაქვს. პრაქტიკული გათვლების მიხედვით არ ვმოქმედებთ. გუნდი ხასიათის თვალსაზრისით  გაძლიერდა.

ფაბიან რუისის ტრავმაზე ნერვიულობთ?

ძლიერი დარტყმა მიიღო. კიდევ კარგი თამაშის გაგრძელება შეძლო. იმედი მაქვს, რომ დაშავებული არ არის.

როგორ ფიქრობთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადმოსვლის მერე ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა? ის „ლივერპულთან’’ ძირითად შემადგენლობაში იქნება?

ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებთან, მასთანაც მუდამ საუკეთესო ფორმის გამოძებნაზე ვმუშაობთ. ის ადაპტაციას განაგრძობს, ჯერ 100%-ს ვერ აჩვენებს. ვცდილობთ გუნდში საქმე ისე ავაწყოთ, რომ ფეხბურთელებს შორის ყველა შეხვედრაში სასარგებლო კონკურენცია იყოს.

აშრაფ ჰაკიმიზე ყვითელი ბარათის გამო გაბრაზდით?

Bonsoir! (კარგად ბრძანდებოდეთ, ფრანგულად).