ჰამშიკი: ნეაპოლში ხელზე საათი არ უნდა გეკეთოს

Home კატეგორიის გარეშე ჰამშიკი: ნეაპოლში ხელზე საათი არ უნდა გეკეთოს
ჰამშიკი: ნეაპოლში ხელზე საათი არ უნდა გეკეთოს

სლოვაკმა ვეტერანმა, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდის „ნაპოლის’’ გულშემატკივართა კერპმა მარეკ ჰამშიკმა სამშობლოში Sport24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ნეაპოლში გატარებული წლები გაიხსენა.

„ნეაპოლში ქუჩაში გასვლა სიგიჟე იყო, ამიტომ მერჩივნა ქალაქის ზოგიერთ უბანში ფეხი არ შემედგა, რადგან ეს შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო.  ერთხელ მე და ჩემი მეუღლე ბრენდულ საბავშვო მაღაზიაში წავედით. გვინდოდა ჩვენი პირველი ვაჟისთვის კრისტიანისთვის რაიმე ლამაზი გვეყიდა. ქალაქის იმ უბანში, სადაც მაღაზია მდებარეობდა, გავრცელდა ხმა, რომ მე იქ ვიმყოფებოდი და მალე ქუჩაში ათასი თუ ორი ათასი ადამიანი შეიკრიბა. მაღაზია დკეტეს, ჩვენ კი სახლში პოლიციამ წაგვიყვანა’’.

ჰამშიკი ამბობს, რომ როდესაც ეს შესაძლებელი იყო, ცდილობდა გულშემატკივრების სურვილები დაეკმაყოფილებინა:

„ნეაპოლში ხალხი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ფეხბურთით ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ვცდილობდი, მათთის სიამოვნება მიმენიჭებინა. რასაკვირველია, ხანდახან ეს ძალიან არაკომფორტული იყო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრები მაფასებდნენ და მეთაყვანებოდნენ. სწორედ ამიტომაც ვცდილობდი თბილად შევგებებოდი და მათთან ერთად სურათი გადამეღო.”

„ნაპოლის’’ ყოფილი კაპიტანი ინტერვიუში იგონებს, როგორ გადიოდა ქალაქის ცენტრში როდესაც ვთქვათ რესტორანში უნდოდა შესვლა. ხანდახან ყველაფერი სათავგადასავლო ფილმის კადრს ემსგავსებოდა: „ქალაქში ვიხურავდი ქუდს. ვცდილობდი სახე დამემალა, მაგრამ დაცვით არასდროს მივლია’’.

და მიუხედავად იმისა, რომ ჰამშიკი „ნაპოლის’’ კაპიტანი და გულშემატკივართა კერპი იყო, ის ორჯერ გაძარცვეს: „დიახ, ორჯერ გამძარცვეს – მაჯიდან საათი მომხსნეს. ერთხელ მანქანის წინა შუშა ჩამიმტვრიეს, მაგრამ განა ასეთი რამ მხოლოდ ნეაპოლში ხდება. უბრალოდ, როდესაც ეს ნეაპოლში ხდება, ამბავს ბუქავენ’’.

მეორე შემთხვევის მერე მედიაში დაწერეს, რომ ჰამშიკს მძარცველება საათი დაუბრუნეს: „სამწუხაროდ ეს არ არის მართალი. სხვათა შორის, როდესაც ნეაპოლში ჩადიხარ, პირველი, რასაც გეუბნებიან სწორედ ეს არის: ქუჩაში საათი არ ატარო. მე კი მინდოდა, რომ მაჯაზე საათი მკეთებოდა. ვიცოდი, ვრისკავდი, მაგრამ მაინც ვატარებდი. მოკლედ, ეს ჩემი შეცდომა იყო’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.