სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები ასე დამთავრდა: „მილანმა’’ შინ „ფეიენოორდთან’’ 1:1 ითამაშა და ორი შეხვედრის ჯამში 1:2 წააგო; „ატალანტასა’’ და „ბრიუგეს’’ მატჩი 1:3 დასრულდა (ჯამში 2:5); ლისაბონში „ბენფიკას’’ და „მონაკოს’’ დაპირისპირება დღის ყველაზე დრამატული შეხვედრა გამოდგა, 3:3 დამთავრდა და ორი მატჩის ჯამში მერვედფინალში პორტუგალიური კლუბი გავიდა, ხოლო „ბაიერნი’’ დამატებით დროს 90+4 წუთზე გადარჩა, როდესაც ანგარიში გაქვითა – 1:1 (3:2).
დავიწყოთ „სელტიკით’’. ის „ბაიერნთან’’ შეხვედრაში გმირობასთან ძალიან ახლოს იყო. როდესაც გლაზგოელთა ყოჩაღ თამაშზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა მისი მეკარე კასპერ შმაიხელი უნდა ვახსენოთ. სტუმართა გუნდი 90+4 წუთამდე 1:0-ს რომ იგებდა მისი დიდი დამსახურება იყო, თუმცა თამაშის ბოლოს „რეკორდმაისტერმა’’ მაინც მოახერხა დამატებითი დროისთვის თავის არიდება – ალფონსო დევისმა ანგარიში გაათანაბრა.
„მილანმა’’ „ფეიენოორდს’’ 37-ე წამზევე გაუტანა. თან გოლი შეაგდო სანტიაგო ხიმენესმა, რომელიც „როსონერიში’’ სულ ახლახან, ამ ზამთარს, სწორედ როტერდამის გუნდიდან გადავიდა, მაგრამ მეორე ტაიმი მასპინძელთათვის უიღბლო გამოდგა: 51-ე წუთზე პოლონელმა მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა (შარშან მარტში საქართველოსა და საბერძნეთის დაუვიწყარ შეხვედრას რომ გაუძღვა) მეტოქის საჯარიმოში სიმულაციისთვის თეო ერნანდესი მეორე ყვითლით დასაჯა (იხილეთ ვიდეო). ამან თამაშის სურათი შეცვალა. 73-ე წუთზე ხულიან კარანსამ ანგარიში ლამაზი თავურით გაქვითა.
პრესა წერს, რომ ერნანდესს იოლად შეეძლო ორი ყვითლიდან ერთიც არ მიეღო.
სამშაბათი იტალიური კლუბებისთვის უიღბლო დღე გამოდგა. „ატალანტას’’ ბრიუგეში 1:2 ჰქონდა წაგებული და… შინაც დამარცხდა – 1:3. ამ შეხვედრის 61-ე წუთზე მოედანზე შესვენების შემდეგ შესულმა ადემოლა ლუკმენმა პენალტი ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლუკმენმა მანამდე მოახერხა გოლის შეგდება და პირველი ტაიმის სენსაციური სამგოლიანი ჩამორჩენა 1:3-მდე შეამცირა.
მატჩის შემდეგ ბერგამოელთა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ თქვა: „პენალტი ლუკმენს ნამდვილად არ უნდა დაერტყა. ის ერთ-ერთი უცუდესი პენალტისტია ვინც კი ოდესმე მინახავს. მას ვარჯიშებზეც კი თერთმეტი მეტრიდან ძალიან ცოტა გააქვს’’.
ბელგიელთაგან ორი გოლი მაროკოული წარმოშობის 19 წლის და 285 დღის ვარსკვლავმა ჩემსდინ ტალბიმ გაიტანა. ის გახდა მეოთხე უმრწმესი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში ეს მოახერხა. პირველი სამი იყვნენ კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და ნიკოლო ძანიოლო.
„მონაკოს’’ შინ „ბენფიკასთან’’ 0:1 ჰქონდა წაგებული და სტუმრად რევანშთან ახლოს იყო: 2:1-საც იგებდა და 3:2-საც, მაგრამ თამაში 3:3 დასრულდა. საინტერესოა, რომ ფრანგულ კლუბებს პორტუგალიური კლუბი სტუმრად უკვე 19 შეხვედრაა არ დაუმარცხებია: პორტუგალიელებმა 13 მატჩი მოიგეს, ხოლო 6 ფრედ დასრულდა.