სტამბოლში „ფენერბაჰჩესა’’ და „ლიონის’’ ევროლიგური მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიუს მხარდაჭერამ პიერ საჟს ვერ უშველა: „ეკიპის’’ ცნობით ის ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის მწვრთნელობიდან მოხსნეს. კვირას „ნანტთან’’ 1:1 მისთვის ამ პოსტზე ბოლო მატჩი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ „ლიონი’’ „ნანტს’’ 90-ე წუთამდე უგებდა.

მას მერე, რაც მეოთხე ლიგელ „ბურჟუან ჟალიუსთან’’ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში პენალტებით წააგო, საჟმა იცოდა, რომ მისი სამსახურის საქმე ბეწვზე ეკიდა და ეს ბეწვი კლუბის მეპატრონე ჯონ ტექსტორმა ორშაბათს გაწყვიტა კიდეც. გავრცელებულ ცნობათა თანახმად ამერიკელმა ბიზნესმენმა ამის შესახებ მწვრთნელს პირადად უთხრა.

საჟი „ლიონის’’ მწვრთნელად 2023 წლის დეკემბერში დანიშნეს, რაც გულშემატკივრისთვის დიდი სიურპრიზი გამოდგა. იმხანად გუნდი ლიგა 1-ში ბოლო ადგილზე იყო. ახალ მწვრთნელს ხალხი არ იცნობდა, თუმცა პროფესიონალთა წრეებში მის შესახებ იცოდნენ და მის ხელში „ლიონმა’’ სეზონი დიდებულად ჩაამთავრა. ის საფრანგეთის თასის ფინალშიც კი გავიდა, რის წყალობითაც ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

დღეს გიორგი მიქაუტაძის გუნდი 8 გამარჯვებით, 6 ფრითა და 5 მარცხით ცხრილში მე-6 ადგილზეა, ოთხეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ… საჟი მაინც მოხსნეს. 45 წლის მწვრთნელს რამდენიმე ცუდი შედეგი, განსაკუთრებით კი თასიდან გავარდნა არ აპატიეს.

„ჩვენ ვერც თავმოყვარეობა ვაჩვენეთ და ვერც ღირსება. ამ სირცხვილისთვის ახლობლებისა და მოყვარეების წინაშე პასუხი უნდა ვაგოთ. ეს თითქმის ტრაგედია იყო’’, – ამბობდა „ბურჟუან ჟალიუსთან’’ წაგების შემდეგ „ლიონის’’ აწ უკვე ყოფილი თავკაცი.

იმ შედეგების წყალობით რომლებიც „ლიონში’’ აჩვენა, საჟი სავარაუდოდ მალე იშოვის ახალ სამსახურს ლიგა 1-ში, ხოლო რაც შეეხება შემცვლელს, ტექსტორი „ბ’’ გეგმაზე კარგა ხანია მუშაობს და ახალი თავკაცის ვინაობას სავარაუდოდ ძალიან მალე დაასახელებს.

მთავარი კანდიდატი გახლავთ პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა, რომელთანაც „ლიონის’’ მეპატრონე 2021 წლიდან კონტაქტშია. „ლილისა’’ „რომას’’ ყოფილი მწვრთნელი 30 დეკემბერს „მილანიდან’’ გაუშვეს. მან უარი თქვა „ბოტაფოგოს’’ სათავეში ჩადგომაზე, რომელსაც ასევე ჯონ ტექსტორი ფლობს.

არ არის გამორიცხული, რომ მან ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე „ლუდოგორეცთან’’ გამართოს თავისი პირველი შეხვედრა „ლიონის’’ მწვრთნელის რანგში. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს ფლეი-ოფში ადგილი განაღდებული აქვთ, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ის პირდაპირ მერვედფინალში გავა. და მაინც, „ლიონის’’ ახალ მწვრთნელს უპირველეს ყოვლისა ჩემპიონთალიგაში გამსვლელი ადგილის მოპოვებას დაავალებენ.