ორწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი მუზარადის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ფრანჩესკო პასარო 6:3; 6:3 დაამარცხა და დიდ ტურნირზე დაბრუნებით გაიხარა.

მატჩმა საათსა და 34 წუთს გასტანა. ბასილაშვილი თავიდანვე დომინირებდა და პირველი სეტის მესამე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება რომ აართვა, შემდეგ ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ჩაწოდება არ დაუკარგავს.

Nikoloz Basilashvili: It was a mistake to play with elbow injury and not  opt for protected rankings - Sportstar

ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი 2018 და 2019 წლებით თარიღდება, როდესაც ფორმის პიკში იყო და მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ოცეულში შედიოდა. თუმცა, დიდი წარმატებით ვერც იქ დაიკვეხნის, სულ რაღაც მესამე რაუნდამდე მისვლა მოახერხა.

ძირითადი ბადის პირველ წრეში კი ბასილაშვილი 19 წლის ჩეხ იაკუბ მენშიკს ეთამაშება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 49-ე პოზიციას იკავებს და ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მატჩი მელბურნში, ორშაბათს, გამთენიისას შედგება.

ბასილაშვილი და მენშიკი აქამდე ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ – 2024 წლის თებერვალში ბაჰრეინის ჩელენჯერზე და ჩვენებური ორ სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა. ბასილაშვილი თუ მოიგებს, მომდევნო ეტაპზე ესპანელ ხაიმე მუნარსა და ნორვეგიელ კასპერ რუდს შორის უკეთესს შეხვდება.