„ვალენსიას’’ ლეგენდა რუბენ ბარახა „ღამურების’’ თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი აღარ არის. მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდს ისტორიაში უარესი სტარტი ჰქონდა, არადა წინა სეზონში გულშემატკივარს ევროთასებზე დაბრუნების იმედიც კი ჩაუსახა.
იმ ოცდაათ მწვრთნელს შორის, ვინც „ვალენსიას’’ ყველაზე მეტ შეხვედრაში მწყემსავდა, ბარახას ბოლო შედეგი აქვს, მაგრამ მისი პერიოდი მაინც ორ ნაწილად იყოფა. მან „ჩეები’’ 2023 წლის 14 თებერვალს ჩაიბარა, როდესაც გუნდს ლიგიდან გავარდნის საშიშროება ემუქრებოდა და დიდი ბრძოლით ბოლო ტურში ლა ლიგაში დარჩენა მოახერხა. შემდეგ სეზონში „ვალენსია’’ უკვე კომფორტულად დამკვიდრდა ცხრილის შუაში და ევროპაზე გასვლისთვისაც იბრძოლა.
და მაინც, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 22 შეხვედრაში (გასულ და მიმდინარე სეზონში ერთად) „ღამურებმა’’ სულ ორჯერ გაიმარჯვეს და 6 ფრე ითამაშეს. კლუბმა ეს უპატიებელ შედეგად მიიჩნია. ამისთვის პარასკევს „ვალიადოლიდთან’’ თამაშის შემდეგ თავად ბარახამაც კი მოიხადა ბოდიში.
2023 როდესაც ბარახა „ვალენსიას’’ მწვრთნელად დანიშნეს, მას უმაღლესი ეშელონის გუნდში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ყველას სწამდა, რომ როგორც ადგილობრივთა ვარსკვლავი გამაერთიანებლისა და მხსნელის როლს ითამაშებდა. გარკვეული ხნის განმავლობაში მან ეს მართლაც შეძლო. როგორც არ-გავარდნაში ასევე მომდევნო შედარებით წარმატებულ სეზონში დიდი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც პირადად გადაარჩინა გუნდი ბევრი ქულის დაკარგვისგან, მაგრამ საბოლოოდ საქმე მაინც ცუდად წავიდა. მიმდინარე სეზონში, 23 ნოემბერს „ბეტისთან’’ 4:2 გამარჯვების შემდეგ „ვალენსიას’’ ერთი თამაშიც არ მოუგია. მეტიც, ის რამდენიმე უშუალო კონკურენტთან დამარცხდა – ანუ იმ გუნდებთან, რომლებიც მასავით ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან – და საბოლოოდ, კვირას „ალავესთან’’ ფრის (2:2) შემდეგ კლუბის სინგაპურელმა ხელმძღვანელობამ ბარახა მოხსნა.
ვის დანიშნავენ „ღამურების’’ ახალ მწვრთნელად? სავარაუდოდ კარლოს კორბერანს, რომელიც… ინგლისური ჩემპიონშიფის კლუბ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს’’ უდგას სათავეში. ანუ, გადაწყვეტილი არაფერია, რადგან საკითხი თავად მწვრთნელის გარდა ინგლისურ კლუბთანაც არის მოსაგვარებელი. როგორც ესპანური პრესა წერს, მისი გამოსასყიდი თანხა 2 მილიონ ევროს უდრის.
კორბერანი 40 წლისაა. მან უკვე მოასწრო მუშაობა ესპანეთში, საბერძნეთში, კვიპროსსა და საუდის არაბეთში. მას ვალენსიის ფიზიკური აქტივობისა და სპორტულ მეცნიერებათა ინსტიტუტში პროფესორ ხუან მერსეს აკადემიური კურსი აქვს გავლილი და 2017-2020 წლებში „ლიდს იუნაიტედში’’ მარსელო ბიელსას შტაბის წევრი იყო.
„ბიელსა გენიოსია. მე არგენტინელთან ორი წელიწადი გავატარე და მან დიდი დაღი დამასვა’’, – ამბობს კორბერანი.