მე-10 ტურის არ იყოს, პრო დ2-ის მე-11 ტურშიც 16-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ამ ჯერზეც ორი ქართული ლელო დაფიქსირდა. განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ ორივე ხსენებული ლელო საკუთარ ანგარიშზე ერთმა მოთამაშემ ჩაიწერა.
ბასა ხონელიძე „ორიაკში“ კარგა ხანია ოსტატდება, საქართველოს U20-ის ყოფილმა კვაჭმა თავისი ფრანგული კლუბის ესპუარები საფრანგეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა – ხსენებული გუნდის გამოკვეთილი ლიდერი და კაპიტანი გახლდათ.
მას თანდათან პროფესიონალთა გუნდსაც აჩვევენ და როცა „ორიაკის“ საუკეთესო კვაჭი ლუკა ნიორაძე ნაკრებში გამოიძახეს, სასტარტოში ადგილი სწორედ ხონელიძეს ანდეს.
ჰოდა, გასულ ტურში, როცა მისი კლუბი „ნევერს“ მასპინძლობდა, ბასამ მეორე ტაიმის დასაწყისში თავისი გუნდის ორ შემტევ მოლს ულიდერა და ორივე ეს შეტევა ლელოებით დააგვირგვინა. ეს იყო ახალგაზრდა კვაჭის მხოლოდ მე-15 თამაში პრო დ2-ის ეგიდით და ლელოების გატანა კი მან მხოლოდ საანგარიშო მატჩში მოახერხა. „ორიაკმა“ ბონუსით, 42:10 იმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
გათამაშებას კი სათავეში „გრენობლი“ ჩაუდგა, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ანგულემს“ ბონუსით მოუგო – 37:7. ალპელთა სასტარტოში გიორგი პერტაია იყო, რომელმაც 59-ე წუთამდე ითამაშა.
„გრენობლს“ 36 ქულა აქვს – ერთით მეტი, ვიდრე „მონტობანს“, რომელმაც ლუკა აზარიაშვილის დახმარებით გამარჯვება აჟენში იზეიმა – 25:18.
მესამე, საპლეიოფო ადგილზე „ბრივი“ დაფუძნდა, რომელმაც ლაჟვარდოვან სანაპიროზე აუტსაიდერი „ნიცა“ 26:16 დაამარცხა და 33 ქულას მოუყარა თავი. ბრიველთა სასტარტოში ვახტანგ აბდალაძე და კონსტანტინე მიქაუტაძე იყვნენ.
„ბიარიცმა“ კი ნამდვილი ფურორი მოახდინა – საკუთარ მოედანზე ყოფილ ლიდერ „პროვანსს“ ბონუსით მოუგო, თუმცა აღსანიშნავი ისაა, რომ სტუმრებმა მოედანი უქულოდ დატოვეს, რაც რაგბში საკმაოდ იშვიათად ხდება ხოლმე. 25:0 და ბასკური კლუბი 32 ქულით უკვე მეოთხე საფეხურზეა.