„მილანთან’’ სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ DAZN-ის მიკროფონების წინაშე „ნაპოლის’’ ორი ფეხბურთელი წარდგა: ხვიჩა კვარაცხელია და მეკარე ალექს მერეტი. მათ ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს, რომელიც სკუდეტოს მოპოვებას ეხებოდა. პორტალი Spazionapoli ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „აძურის’’ მოთამაშეებმა ამ კითხვას სხვადასხვანაირი პასუხები გასცეს.
დავიწყოთ იმით, რომ „მილანის” დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ უჯობს მოკრძალებული იყოს. მისი პასუხის მიხედვით მიმდინარე სეზონში გუნდის მიზანი ევროპაში გამსვლელი ადგილის მოპოვებაა, მაგრამ „პარტენოპეელთა’’ თავკაცმა ისიც თქვა, რომ სკუდეტოსთან დაკავშირებით დამალობანას თამაშს არ აპირებს. გულშემატკივრების ენთუზიზმსა და ეიფორიას კი საზღვარი არ აქვს. მათ იმედი გაუჩნდათ, რომ გუნდი ისტორიაში მეოთხედ შეძლებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
ზემოხსენებული მერეტი მწვრთნელის მსგავსად შეეცადა დიპლომატიური ყოფილიყო. „ვაცნობიერებთ, რომ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ სკუდეტოზე ფიქრი ნაადრევია. ამ ეტაპზე ჩვენს ამოცანას მუშაობა და ყოველ კონკრეტულ თამაშზე ფიქრი წარმოადგენს’’, ― თქვა გოლკიპერმა.
ქართველის პასუხი კი უფრო პირდაპირი იყო: „რასაკვირველია, სკუდეტოსი გვწამს. ჩვენ შეგვიძლია ის კიდევ ერთხელ მოვიგოთ, ოღონდ ამისათვის მუხლჩაუხრელი შრომა გვჭირდება’’.
Spazionapoli წერს, რომ კვარაცხელიას პასუხი მერეტისაზე დაუბალანსებელი და ემოციური იყო. პორტალის აზრით შეუძლებელია მეათე ტურის მერე იცოდე შეგიძლია თუ არა ჩემპიონობა. ასე ადრე სკუდეტოზე მხოლოდ ოცნება შეიძლება, ოღონდ თუ ის ფუჭი აღმოჩნდა, გულდაწყვეტა ძალიან ძლიერი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ 10 ტურში 8 თამაშის მომგები გუნდის გასახდელში სკუდეტოზე არ ლაპარაკობენ.