„შავმა ლომმა“ საკუთარ მოედანზე, თბილისურ „ავჭალაზე“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მიმდინარე გათამაშებაზე პირველად ითამაშა და ესპანურ „იბერიანსს“ 47:21 მოუგო. ქართველებმა 7 ლელო გაიტანეს ესპანელთა სამის წილ და მორიგი 5 ქულა ჩაიწერეს.
დღეს ქართულ სარაგბო ფრენჩაიზს უკვე 15 ქულა აქვს და ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოპოვებისგან ფაქტობრივად აღარაფერი აშორებს. ერთადერთ კონკურენტს, პორტუგალიურ „ლუზიტანუშს“ ამ ტურნიტზე ქართული ჰეგემონიის დასამხობად ორი რამ სჭირდება: 1) 5 ოქტომბერს იმავე „ავჭალაზე“ „შავ ლომს“ მწარე მარცხი აგემოს, ანუ თავად ბონუსიც აიღოს და მასპინძლები მინდვრიდან უბონუსოდ გაუშვას; 2) დასკვნით მატჩში, ესპანეთში „იბერიანსს“ ასევე დიდი ანგარიშით აჯობოს. ამ პირობათაგან მეორე მეტ-ნაკლებად რეალისტურია, აი, პირველს რაც შეეხება…
პრინციპში, ის, რომ „შავი ლომი“ სუპერთასის წლევანდელ გათამაშებას ცალი ხელით (თუ ფეხით), მარტივად და დაუძაბავად მოიგებდა, ცხადი მის დაწყებამდე იყო, მით უფრო, როცა შეჯიბრებას მიზეზეთა გამო ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა, ისრაელის „თელ ავივ ჰითი“ გამოაკლდა.
ჰოდა, „შავი ლომი“ ისე დომინირებს და ისე ნავარდობს, როგორც არასდროს. თუმცა, თუკი პირველ წრეში „შავმა ლომმა“ ესპანურ ბურგოსში „იბერიანსს“ ნამდვილი გვემა მოუწყო და 54:3 დაამარცხა, „ავჭალაზე“ ვერც ბურგოსის ოდენი გაიტანა და ვერც იმდენი გაუშვა.
ისევე, როგორც ერთი კვირის წინ ლისაბონში, ქართველებმა თბილისშიც ვერ იყოჩაღეს შეხვედრის მეორე ნახევარში. შეცვლების შემდეგ გუნდში ყველა კავშირი ირღვევა, უაზრო შეცდომების რაოდენობა ორმაგდება, კონცენტრაცია იკარგება და შედეგად ვიღებთ იმას, რომ შინ 3 ქულის ამღები ესპანური ფრენჩაიზი გასვლაზე 3 ლელო-გარდასახვის გატანას ახერხებს.
შეგვიძლი ეს ამბავი რიჩარდ კოკერილის ექსპერიმენტებს მივაწეროთ – „შავ ლომს“ ზამთარში ხომ ჩელენჯ თასი ელის – რანგით მეორე ევროთასი. ანუ სუპერთასის გათამაშება წესითა და რიგით ხსენებული ევროტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება. თუმცა, მაინც ამოცანად რჩება, რატომ აგდებს „შავი ლომი“ თამაშის მეორე ნახევარს, განსაკუთრებით კი, მის დასკვნით ნაწილს.
თუმცა, გუნდმა მოიგო, დიდი ანგარიშით, 7 ლელო გაიტანა, ყველა ეფექტური და დამსახურებული, ლუკა მატკავამ 7-დან 6 გარდასახა, მათ შორის – 1-2 ძალზე უხერხული პოზიციიდან. ესაა და ეს. 5 ოქტომბერს „ავჭალაზე“ ველით „ლუზიტანუშს“ და მე-4 სუპერთასს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
