„ვალენსიამ” როგორც იქნა მოიგო — „მესტალიაზე” „ჟირონა” დაამარცხა 2:0. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს.
„დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან სეზონი ცუდად დავიწყეთ, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოგვიწია შეხვედრა. ახლა ასე უნდა განვაგრძოთ და შემდეგ ტურში „ოსასუნა” დავამარცხოთ. დღეს იყო პირველი გამარჯვება „მესტალიაზე”, რაც ძალიან დაგვეხმარება. შინ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, სხვა გუნდი ვართ. მომავალში სტუმრადაც ასევე უნდა ვითამაშოთ. „ჟირონასთან” ჯერჯერობით ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ. თამაში კარგი იყო დაცვის თვალსაზრისითაც – გოლი არ გავუშვით. ასე უნდა გავაგრძელოთ”, — თქვა მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ.
აქამდე „ღამურებმა” 12 შეხვედრაში ვერ მიაღწიეს წარმატებას. ბოლოს ლა ლიგაში 15 აპრილს (წინა ჩემპიონატში) აჯობეს „ოსასუნას”. ზედიზედ თორმეტი მატჩი მოგების გარეშე კლუბის ისტორიას ბოლოს 1985-86 წლების სეზონში ახსოვს, როდესაც გუნდი მეორე ლიგაში გავარდა.
საინტერესოა ისიც, რომ რუბენ ბარახას გუნდს შინ 9 მარტის მერე არ მოუგია. ბოლოს „ჩეებმა” „ხეტაფეს” აჯობეს 1:0. ფაქტობრივად, გუნდმა 10 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, მაგრამ ახლა ნავსი გაწყდა. თუმცა 6 ტურის შემდეგ „ვალენსია” ჯერ მაინც გასავარდნ ზონაშია. ზუსტი ადგილი დღეს გაირკვევა ხსენებული „ხეტაფესა” „ლეგანესის” შეხვედრის შემდეგ.
მომდევნო მატჩი მამარდაშვილსა და მის გუნდს სამშაბათს, 24 სექტემბერს შინ „ოსასუნასთან” უწევთ.