„ნაპოლის” ახალწვეულთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ 25 წლის იტალიელი მცველი ალესანდრო ბონჯორნო, რომელიც გასულ სეზონში „ტორინოში” საბა საზონოვის თანაგუნდელი იყო, ახლა კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთადაა. მან ბოლო ტურში სარდინიაზე „კალიარის” გოლიც გაუტანა. ბონჯორნოს უკეთ გასაცნობად „პარტენოპეელთა” YouTube არხმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ:

…მე ვარ ალესანდრო ბონჯორნო, დაბადებული 1999 წელს. ბავშვობაში ცურვაზე დავდიოდი, შემდეგ კი „ტორინოში” ამიყვანეს. „ნაპოლიმდე” გრძელი გზა გავიარე. ერთი წელიწადი „კაპრიში” ვიყავი, ხოლო ექვსი თვე „ტრაპანიში”…

…წყნარი ბავშვი ვიყავი. სკოლაში სიარული და სწავლა მიყვარდა. აგრეთვე მიყვარდა მეგობრებთან პარკსა და სავარჯიშო მოედანზე ფეხბურთის თამაში. დავდიოდი საჯარო სკოლაში და გამოცდებისთვის ღამ-ღამობითაც ვემზადებოდი. მასწავლებლები მოწადინებას მიფასებდნენ. სკოლა დილის რვის ნახევარზე მეწყებოდა, იქიდან ფეხბურთზე მივდიოდი. სკოლა 86 ქულით დავამთავრე, შემდეგ აკადემიური ავიღე. ეს სწორედ ის სეზონი იყო, როდესაც კაპრიზე ჩავედი. დავამთავრე ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. ახლა წინ მივიწევ…

…ჩემთვის მისაბაძი ფიგურები ყოველთვის ალესანდრო ნესტა და პაოლო მალდინი იყვნენ. მათ გარდა მიყვარდა სერხიო რამოსი. აღფრთოვანებული ვიყავი ამ უკანასკნელის ქარიზმითა და ლიდერის თვისებებით…

…ნეაპოლში ფეხბურთით ცხოვრობენ. გუნდსა და ქალაქზე ინფორმაციის მისაღებად ჯაკომო რასპადორის, ჯოვანი დი ლორენცოსა და მაიკლ ფოლორუნშოს ველაპარაკე. სამივე მათგანმა საუცხოოდ დამიხასიათა ნეაპოლი და აქ გადმოსვლა მირჩია. შევატყვე რომ გასული სეზონის ჩავარდნის შემდეგ შურისძიება სწყუროდათ…

…თავისუფალ დროს სამაგიდო და სტრატეგიულ თამაშებს ვთამაშობ, ორივე მიყვარს. მიყვარს კალათბურთის ყურება, თუმცა უფრო ტრიბუნიდან. ამასწინათ „ნაპოლისა” და „დერტონას” შეხვედრას დავესწარი…

…ნეაპოლურ დიალექტზე? რაღაცები მესმის, იმიტომ, რომ ჩემი პაპა-ბებია კამპანიიდან იყვნენ. პირველი, რაც ამ დიაქტზე ვისწავლე იყო Ammà faticà (ჩვენ უნდა ვიმუშაოთ) და ყველანი ზუსტად ამით ვართ დაკავებული…

…აქ რომ ჩამოვედი აეროპორტში ორსაათიანი დაგვიანება ჰქონდათ. გავიგონე როგორ უთხრა ერთმა მგზავრმა მეორეს „ამაზე ბნელი შუაღამე ვეღარ დადგება”. და მართლაც, აქ უკეთესობისთვის, იმედისთვის ჩამოვედი. სალამი „ნაპოლის” ფანებს. სტადიონზე შევხვდებით. ფორცა „ნაპოლი”.