გიორგი მამარდაშვილი ახლა უკვე „ლივერპულის” ფეხბურთელია, თუმცა იჯარის წესით „ვალენსიაში” თამაშს განაგრძობს. „ღამურებმა” ქართველის გაყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს. მან ორშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამშაბათს მერსისაიდელებთან 2030 წლამდე გააფორმა ექვსწლიანი კონტრაქტი. „ლივერპული” ესპანელებს გადაუხდის 30 მილიონ ევროს პლუს ეგრეთწოდებულ „შესაძლო თანხას” —  5 მილიონს, რომელიც იმის მიხედვით გადაიხდება, თუ რამდენად გაამართლებს მამარდაშვილი „ლივერპულში”. ნახსენებ ბუღალტერიაში წლევანდელი იჯარის თანხა არ შედის. და კიდევ, როდესაც „ლივერპული” გიორგის გაყიდის, „ვალენსია” ამ ტრანსფერიდან 10%-ს მიიღებს.

როგორც AS წერს, მამარდაშვილის ტრანსფერი „ვალენსიას” ისტორიაში ათ ყველაზე ძვირს შორისაა. „ჩეებს” 30 მილიონი როდრიგო მორენოს, რობერტო სოლდადოსა და პაკო ალკასერის გაყიდვით მიუღიათ. ხსენებული „შესაძლო თანხის” გადახდის შემთხვევაში ქართველის სანაცვლოდ მიღებული ფული ფერან ტორესსა (33.5) და გონსალო გედეშში (32) მიღებულ ფულზე მეტი გახდება.

დღეისათვის „ვალენსიამ” ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდა: გაისკა მენდიეტა (ლაციო, 48 მილიონი), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, 44 მილიონი), შკოდრან მუსტაფი (არსენალი, 41 მილიონი), ჟოაო კანსელო (იუვენტუსი, 40 მილიონი), დავიდ ვილია (ბარსელონა, 37 მილიონი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, 33.5 მილიონი), გონსალო გედეში (ვულვერჰემპტონი, 32 მილიონი), გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, 30 მილიონი), როდრიგო მორენო (ლიდსი, 30 მილიონი), რობერტო სოლდადო (ტოტენჰემ ჰოთსპური, 30 მილიონი), პაკო ალკასერი (ბარსელონა, 30 მილიონი).

მამარდაშვილის გაყიდვით „ვალენსია” მიმდინარე სეზონის ბიუჯეტს დააბალანსებს. „ყველაზე კარგი კი ის არის, რომ გიორგი კვლავ ჩვენს კარს დაიცავს. მისი ტრანსფერი კლუბისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა. სპორტული თვალსაზრისით კი მამარდაშვილი სტოლესა (დიმიტრიევსკი) და ჯაუმესთან (დომენეკი) კონკურენციაში ჩვენთან იქნება”, — თქვა ვალენსიელთა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ.