18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა, რომელსაც ზურაბ ამონაშვილი წვრთნის, სამხრეთ აფრიკაში გამართული ტესტების სერია მარცხით დაასრულა.

ფაქტია, რომ პატარა ბორჯღალოსნებმა სამივე მატჩი წააგეს, მეტოქეებიც ბობოლათა რიცხვიდან იყვნენ – სამხრეთ აფრიკა, ინგლისი და ირლანდია, მაგრამ მაინც დასანანია, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა თუნდაც ერთი თამაშის მოგებაც ვერ შეძლეს. თან სამივე მატჩი ფაქტობრივად იდენტური სცენარით წარიმართა…

ჯერ იყო მასპინძელი 18-წლამდელი ქურციკები, რომელთა წინააღმდეგაც ქართველებმა ანგარიში გახსნეს, ტაიმი 3:6 დათმეს, საბოლოოდ კი 3:20 წააგეს, ანუ მეორე ტაიმში ორი ლელო გაუშვეს, რასაც ვერაფრით უპასუხეს.

მერე იყო ინგლისის U18. ამ თამაშში პატარა ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი სულაც მოიგეს – 20:10, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში ნორჩ „ვარდებს“ ვეღარაფერი დაუპირისპირეს და ამ ჯერზეც 2 ლელო-გარდასახვა გაუშვეს, რასაც ინგლისელებმა ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც დაურთეს – 27:20 ინგლისელების სასარგებლოდ.

დასკვნით მატჩში ამონაშვილის ბიჭებმა ირლანდიის ნაკრებს პირველ ნახევარში ორი ლელო, ერთი გარდასახვა და ერთიც ჯარიმა გაუტანეს, პასუხად ერთი გარდასახული ლელო მიიღეს და ტაიმი 15:7 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ლელო ლეგენდარული გოდერძი შველიძის უმცროსმა ვაჟმა ანრიმ დადო, ვისი სახითაც ეროვნულ ნაკრებს ნიჭიერი კვაჭი ეზრდება. სამწუხაროდ, მეორე ნახევარი კვლავ წარუმატებელი გამოვიდა – ირლანდიელებმა უპირატესობა მოკრძალებულად კი გამოიყენეს, მაგრამ ერთი გარდასახული ლელო და ერთიც ზუსტი საჯარიმო დარტყმა საკმარისი აღმოჩნდა სასურველი შედეგის მისაღებად – 17:15 ირლანდიელ 18-წლამდელთა სასარგებლოდ.

ცხადია, სამივე მატჩის წაგება დადებით შეფასებას ვერ დაიმსახურებს, მაგრამ იმედისმომცემი მომენტებიც ბლომად იყო. რამდენიმე დღევანდელი 18-წლამდელი გაისად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეობას აშკარად იმსახურებს, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებაა. ფაქტია, რომ ამ ბიჭების დიდ ნაწილს უფრო მაღალ დონეზეც შეუძლია თამაში…