„ნაპოლიმ” სერია A-ს ახალი სეზონი უსუსურად დაიწყო: ვერონაში 0:3 წააგო, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ამას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს რამდენიც ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქართველი ვარსკვლავი პირველი ტაიმის მიწურულს შესაცვლელი გახდა.

ეს მაშინ მოხდა, როდესაც მან დანიელი მარტინ ფრესეს შეცდომით ისარგებლა, ბურთი იხელთა და მეკარესთან პირისპირ შევიდა, მაგრამ კამერუნელმა ჯექსონ ჩაჩუამ თავგანწირვით ითამაშა, ფეხებში ჩაუხტა და კარში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცა. ამის მერე ხვიჩამ რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა და… ჩაჯდა. ექიმები დაუყოვნებლივ შევიდნენ მოედანზე. მათ ფეხბურთელი უპირველეს ყოვლისა თავბრუს ხვევაზე შეამოწმეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ანტონიო კონტეს მისი შეცვლა სთხოვეს.

შეხვედრის დასაწყისში იყო ეპიზოდი, როდესაც ამხტარ კვარაცხელიას უკნიდან პოლონელი პაველ დავიდოვიჩი დაეჯახა, მხარი კეფაში მიარტყა და სავარაუდოდ, თავდამსხმელი სწორედ მაშინ დაშავდა. როგორც იტალიური პორტალები წერენ ამის გარდა ექიმებმა ქართველს ეგრეთწოდებული კუნთის გადაღლაც აღმოუჩინეს და ცვლილება ერთბაშად ორმა მიზეზმა განაპირობა. კვარაცხელიას მაგივრად მოედანზე ჯაკომო რასპადორი შევიდა.

მატჩის შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა: „მას თავში მიარტყეს და იძულებული გახდა შეცვლა ეთხოვა. ახლა კარგად არის. იმ ეპიზოდში მოწინააღმდეგე გუნდის მცველი ალბათ გასაფრთხილებელი იყო”.