Taiwan's Lin Yu-Ting won her fight but some are questioning her participation
ლინ იუ-ტინგი

კრივის დიდი შეფი კრის რობერტსი ოლიმპიადაზე აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა და საზოგადოებას სტრიქონებს შორის კითხვისკენ მოუწოდა. ლაპარაკია ალჟირელი და ტაივანელი მოკრივე ქალების იმანე ხელიფისა და ლინ იუ-ტინგის სქესის გამო ამტყდარ სკანდალზე. ორივე სპორტსმენს 18 თვის წინ სქესის ტესტი ჩაუვარდათ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ისინი პარიზის თამაშებზე დაუშვა.

ორგანიზაცია, რომელმაც ხელიფისა და ლინს ტესტი ჩაუტარა და დაადგინა, რომ მათ მამაკაცური XY ქრომოსომები აქვთ, გახლავთ IBA, რომელმაც ორივე სპორტსმენი თავის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთა. IBA-ს ზურგს რუსები უმაგრებენ (მისი პრეზიდენტია უმარ კრემლიოვი, რომლის ნამდვილი გვარი ტაჯიკურია – ლუტფულოიევი) და შესაძლოა გაუგებრობა სათავეს სწორედ აქედან იღებს. სოკ-მა დისკვალიფიცირებული მოკრივეები „პოლიტიკურად მოტივირებული კულტურული ომის” მსხვერპლებად გამოაცხადა და ოლიმპიადაზე ამ მოტივით დაუშვა. თან IBA, რომელსაც ადრე AIBA ეწოდებოდა, სოკ-ის მიერ აღიარებული კრივის მმართველი ორგანიზაცია აღარ არის.

საინტერესოა, რომ IBA თავადაც არ ასახელებს სპორტსმენთა ლაბორატორიული გამოკვლევის დეტალებს. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ზემოთ ხსენებულმა რობერტსმა საგანგებო პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე ინფორმაცია გავასაჯაროოთ, მაგრამ თქვენ სტრიქონებს შორის კითხვა უნდა შეგეძლოთ. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს არ გამოვაქვეყნებთ, თუმცა სოკ-ს ის ნანახი აქვს. გუშინ საღამოს და დღეს დილით ჩინეთისა და ალჟირისგან მივიღეთ წერილები, რომლებშიც ეს ქვეყნები გვაცნობებენ, რომ ჩვენ არ გვაქვს მოკრივეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება. გთხოვთ თავად მიხვდეთ რას ნიშნავს ეს. ვიმეორებ, სტრიქონებს შორის წაიკითხეთ”.

25 წლის იმანე ხელიფმა კი ამასობაში საზოგადოებას მიმართა: „ვუგზავნი მესიჯს მსოფლიოს ხალხს. ვთხოვ მხარი დაუჭირონ ოლიმპიურ პრინციპებსა და ქარტიას, თავი შეიკავონ სპორტსმენების ბულინგისგან, რადგან ამას უდიდესი ეფექტი მოჰყვება. მას შეუძლი ადამიანები გაანადგუროს, მოკლას მათი აზრები და სული. მას შეუძლია ხალხი დააპირისპიროს. სწორედ ამიტომ გთხოვთ, გაემიჯნოთ ბულინგს”.

ხელიფს 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ტაილანდელი ჯანჯაემ სუვანაფენგი ხვდება, ხოლო ლინ იუ-ტინგს 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი ესრა ილდიზ კაჰრამანი.