Napoli Conte: we are in the details„ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კუნძულ იბიცაზე ისვენებს, ჟურნალისტი ალფრედო პედულა კი „სპორტიტალიაზე” წერს, რომ ამასობაში, მისი ასისტენტები ანტონიო კონტესთან ხელშეკრულების ბოლო დეტალებს ამუშავებენ. ლაპარაკია სამწლიან კონტრაქტზე, რომელიც ბონუსებიანად წელიწადში 10 მილიონ ევროს ითვალისწინებს. საბაზისო თანხა ანუ ეგრეთწოდებული „მოჭრილი ხელფასი” 7-7.5 მილიონი ევროს ფარგლებშია.

კონტესა და „აძურის” საქმე რომ გადაწყვეტილია ამას „სქაი სპორტ იტალიას” მიმომხილველი ჯანლუკა დი მარციოც ადასტურებს. დი მარციო სატრანსფერო ბაზრის საკითხებსაც ეხება:

„ტყუილია თითქოს ანტონიოს მარტო ტოპ ვარსკვლავების ყიდვა უნდა. მან ძალიან კარგად იცის, თუ რა მდგომარეობა დღეს „ნაპოლიში” და რა ექნება გადასაკეთებელი. ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი ვისი შეძენაც კონტეს დანამდვილებით სურს „ტორინოს” მცველი ალესანდრო ბონჯორნოა. ბონჯორნოს შეძენით „ინტერიც” არის დაინტერესებული.

დი ლორენცო? კონტემ „ნაპოლის” ახალ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას უკვე უთხრა, რომ დი ლორენცო მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ახალი ცენტრფორვარდი? ჯერ ვიქტორ ოსიმენის შეძენის სურვილი ვინმემ ოფიციალურად ხომ უნდა გამოთქვას.

კვარა „პარი სენ ჟერმენში”? ის, რომ პარიზელებმა „ნაპოლის” ქართველ გარემარბთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართეს სრული სიმართლეა, მაგრამ დღეს მისი გაყიდვა დანაშაული იქნება.

„ნაპოლი” „ჯენოადან” ისლანდიელი ალბერტ გუდმუნდსონის გადაბირებასაც აპირებს, მაგრამ ამ შემტევი ნახევარმცველის ყიდვა კიდევ რამდენიმე კლუბსაც უნდა”.

იტალიაში კონტესა და „ნაპოლის” შორის ხელშეკრულების გაფორმებას დღე დღეზე ელიან.