კილიან მბაპემ სოციალური არხების მეშვეობით ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „პარი სენ ჟერმენს” ტოვებს. მან დაწერა: „ეს პსჟ-ში ჩემი ბოლო სეზონია, ახალ კონტრაქტს აღარ გავაფორმებ და ორიოდ კვირაში თავგადასავალი დასრულდება”. ამრიგად, იწყება ახალი ეპოქა — „პარი სენ ჟერმენი” მბაპეს გარეშე. დადგა წამი, რომლისაც პარიზული კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის ალბათ ყველაზე მეტად ეშინოდა, მაგრამ ყატარელ ბიზნესმენს სენტიმენტებისთვის დრო არ აქვს. ახალი გუნდია ასაშენებელი.
მეორე მხრივ, ალ-ხელაიფი მბაპეს წასვლას ელოდა, რადგან ფრანგ ვარსკვლავს წლებია „რეალში” გადასვლა აქვს აჩემებული. ამიტომ, ფრანგული კლუბის ყატარელი პრეზიდენტი მომენტს მომზადებული შეხვდა. RMC Sport-ისთვის ადრე მიცემულ ინტერვიუში ალ-ხელაიფის ნათქვამი ჰქონდა: „მბაპე? ჩვენ ვთქვით, რომ მომავლის გუნდს ვქმნით. გვსურს შევკრიბოთ შემადგენლობა, რომელიც ექვსი-შვიდი წელიწადი ერთად ითამაშებს. ამ პროექტის ნაწილი იყო მესის, ნეიმარის თუ რამოსის გაშვებაც. დიდი პატივია, რომ ისინი ჩვენთან თამაშობდნენ, მაგრამ „პარი სენ ჟერმენი” ახალ ციკლს იწყებს”.
პსჟ გუნდის შესაქმნელად ფულს არასდროს ინანებს. ცნობილია, რომ კლუბის ყატარელ მეპატრონეებს მოახლოებული სატრანსფერო სეზონისთვის 200 მილიონი ევრო აქვთ გადადებული, ეს კი შემადგენლობის გასაძლიერებლად გვარიანი თანხაა. ახლა მთავარია პარიზელთა შეფებმა სწორად გამოიცნონ მბაპეს საუკეთესო შემცვლელი. ვარიანტების განხილვისას, ბოლო დღეებში, უპირველეს ყოვლისა ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებენ.
პსჟ მზად არის ქართველ გარემარბში სულ მცირე 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. ის თავად გუნდის მწვრთნელს ლუის ენრიკეს მოსწონს. ცხადია, პარიზში კვარაცხელიას ექნება იმაზე მეტი ხელფასი, ვიდრე „ნაპოლი” უხდის. ბოლოხანს ნეაპოლიდან გავრცელდა ხმა, რომ კლუბი ხვიჩას ახალ პირობებს სთავაზობს, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს, რომ მხარეები შეთანხმდნენ. „ნაპოლის” სურს ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაწეროს.
მარკუს ტურამი მეორე ფეხბურთელია, რომელსაც ალ-ხელაიფიმ თვალი დაადგა. ტრანსფერის შემთხვევაში პსჟ-ში მას უფრო გარემარბად ათამაშებენ, ვიდრე ცენტრფორვარდად. თუ ვაჭრობა დაიწყება, „ინტერი” ტურამს 80 მილიონს დააფასებს.
ლამინე იამალი მბაპეს შესაცვლელად შესანიშნავი კანდიდატია. 16 წლის ვარსკვლავზე ცხადია მარტო პსჟ არ ნადირობს. როგორც „მარკა” წერს, „ბარსელონამ” ერთ-ერთი კლუბისგან მის სანაცვლოდ 200 მილიონიანი შეთავაზებაც კი მიიღო. იამალის აგენტი ჟორჟე მენდეშია. ამბობენ, რომ იამალის „ბარსასთვის” წასართმევად ასეთი ასტრონომიული თანხაც არ იქნება საკმარისი. „ბალუგრანა” მას უბრალოდ არ გაყიდის.
ვიქტორ ოსიმენისა და „პარი სენ ჟერმენის” მოლაპარაკებების შესახებ დიდი ხანია ლაპარაკობენ. ერთი ფაქტია, რომ ნიგერიელი „ნაპოლის” უეჭველად დატოვებს. აურელიო დე ლაურენტისმა მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევრო ჩაწერა, თუმცა რეალურად რა და როგორ იქნება არავინ იცის. პარიზელები ოსიმენის შეძენით რეალურად არიან დაინტერესებულნი.
ჩამოთვლილთა გარდა მიმომხილველები განიხილავენ რაფაელ ლეაოს, ლაუტარო მარტინესის, ერლინგ ჰოლანდის, მარკუს რაშფორდის, სერჟ გნაბრის და გავის ვარიანტებს.