Alessandro Bastoni of Internazionale celebrates winning the 2024 Scudetto championship title during the Serie A TIM match between AC Milan and FC...„ინტერმა” „მილანს” 2:1 მოუგო და იტალიის ჩემპიონი გახდა. სიმონე ინძაგის გუნდი მიუწვდომელია. ეს „ნერაძურის” ისტორიაში მეოცე სკუდეტოა, რომლის მოპოვებასაც „დერბი დელა მადონინაში” გამორჩეული ლაზათი ჰქონდა.

The fans of the Inter Milan team celebrate their 20th championship with blue and black flags in the history of the league by lighting torches despite...გასულ სეზონში „ნაპოლიმაც” ადრე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ეს ერთი წლის წინ, 23 აპრილს, ტურინში „იუვენტუსთან” შეხვედრაში მოხდა, როდესაც „პარტენოპეელებმა” ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 მოიგეს და მდევართათვის მიუწვდომელნი გახდნენ. „ინტერმა” ნეაპოლელთა შარშანდელი მიღწევა წლეულს ერთი დღით ადრე, 22 აპრილს გაიმეორა. ოღონდ ეგ არის, შარშან, როდესაც ტიტული ნეაპოლელებმა მოიგეს 31-ე ტური იყო, ახლა კი 33-ე ტურია.

სკუდეტოს ეფექტური მოპოვება „ინტერისთვის” მნიშვნელოვანი იმიტომაც იყო, რომ მიმდინარე სეზონში ეს აშკარად ძლიერი გუნდი იტალიის თასისთვის ბრძოლასაც გამოეთიშა და ჩემპიონთა ლიგასაც. მილანელებმა ორივე შეჯიბრება მერვედფინალში დატოვეს: იტალიის თასიდან „ბოლონიამ” გააგდო, ხოლო ჩემპიონთა ლიგიდან მადრიდის „ატლეტიკომ”.

გამარჯვება მნიშვნელოვანი გახლდათ გუნდის 48 წლის მწვრთნელისთვის სიმონე ინძაგისთვისაც, რომელსაც აქამდე „ლაციოსა” და „ინტერის” თავკაცის რანგში სამჯერ ჰქონდა იტალიის თასი მოგებული, ჩემპიონი კი ვერ გამხდარიყო. მას მეტსახელად თასების მეფესაც კი ეძახდნენ.

„ინტერს” იტალიის ჩემპიონის ტიტული ბოლოს 2020-21 წლების სეზონში ჰქონდა მოპოვებული. მაშინ გუნდს ანტონიო კონტე ხელმძღვანელობდა.

„მილანთან” გამარჯვების შემდეგ „ნერაძურის” გასახდელში დიდი ზეიმი გაიმართა. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ შამპანური მიიტანა, რომელიც კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმა გახსნა. ისმოდა შეძახილები, რომელთა შორის ყურს ყველაზე მეტად ერთი ხვდებოდა: მილანი ჩვენ ვართ!