„ნაპოლიმ” 26 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე მყოფი „სასუოლო” სტუმრად 6:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინა ნეაპოლელთა ვარსკვლავურმა წყვილმა, ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ. ოსიმენმა სამი გოლი გაიტანა, კვარაცხელიამ კი ორი თავად შეაგდო და ერთი საგოლე პასი გადააწოდა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე საიტის მიერ კვარაცხელიასთვის დაწერილ ქულასა და სიტყვიერ შეფასებას.
calciomercato 8 — მას შეცოდებათა გამოსყიდვა სურდა. მას სწყუროდა ბურთი და მეტოქის კარს გამუდმებით უტევდა. ის მოედნის შუიდანაც კი ცდილობდა გოლის გატანის, რის გამოც მეკარე ანდრეა კონსილის ააკანკალა. კვარაცხელია ყოველ ჯერზე ცეცხლს ანთებდა, ხოლო როდესაც რუან ტრესოლდიმ საჩუქარი მიართვა, შედეგს მიაღწია და ოსიმენის ჰეთ-თრიქში საგოლე პასით მიიღო მონაწილეობა. შემდეგ, საგოლე მომენტები თავადაც რომ იხელთა, ჯერ მარჯვენა ფეხით აჩვენა კლასი, შემდეგ კი მარცხენათიც შეაგდო.
iamnaples 8 — წინა ორ შეხვედრაში დაღლილი ჩანდა, ამჯერად კი ორი მარგალიტი მოწყვიტა, რითაც საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნა. დღეს ის იყო კაცი, რომელსაც უნდოდა მიეღო, რასაც იმსახურებს.
areanapoli 8 — მან მაღალი ქულა დაიმსახურა, რითაც თავი დააღწია გადაჭარბებულ კრიტიკას, რომელიც მიმდინარე სეზონში არ აკლია. კვარაცხელიამ ორი არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა და ერთიც ოსიმენს გაატანინა. ამ შეხვედრაში ვნახეთ ქართველი ძველებური სახით.
tuttonapoli 8 — „სასუოლომ” მას სივრცეები დაუთმო, საიდანაც კვარამ მაქსიმუმი გამოწურა. გადააწოდა საგოლე პასი და გაიტანა ორი ჩინებული გოლი, ერთი მარჯვენა ფეხით და მეორე მარცხენათი.
calcionapoli24 8,5 — ორი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ტრაორემ კარგი პასი მიაწოდა. სპილოს ძვლის ნაპირელმა მას ცენტრში მოქმედების შესაძლებლობა მისცა. კვარაცხელიამ ისე კარგად ითამაშა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულმა ცენტრიდანაც სცადა გოლის გატანა. რუანმა მეორე ტაიმის დასაწყისში მას საშუალება მისცა ოსიმენისთვის საგოლე პასი მიეწოდებინა, შემდეგ კი კვარამ თავად ოაიტანა ორი გოლი: 1:5 და 1:6.
ilnapolista 8 — ვიქტორ ვიტორიამ სამი გაიტანა, ჩე კვარამ კი — ორი. ორივე ისეთი იყო, რომ აღწერად ღირს. პირველი გოლის დროს მისი ტრადიციული შესვლა ფლანგიდან ცენტრში როგორც იქნა დაგვირგვინდა ოსტატური დარტყმით, რომელმაც მეკარე კონსილი გაუნძრევლად დატოვა. მეორე გოლის დროს კი ვიხილეთ ნიჭისა და დაჟინების კომბინაცია: დარტყმა და კიდევ დარტყმა, ჯერ მარჯვენათი, მერე კი მარცხენათი. ჩე კვარამ ორივე ფეხით გაიტანა. ამ საღამოს საყურადღებო მომენტებს შორის მისი შორეული დარტყმაც უნდა ვახსენოთ.
calcionapoli1926 9 — კვარაცხელიამ გააკეთა ყველაფერი: გაიტანა ორი გოლი, ჩააწოდა საგოლე პასი, არაერთხელ მოიპოვა ბურთი, შეასრულა ფლანგური გარღვევები. როდესაც ბურთს ეხებოდა, იწყებოდა ჯადოქრობა. ამ საღამოს მისი გაჩერება შეუძლებელი იყო. ტრიბუნიდან სნაიპერიც ვერაფერს დააკლებდა. წარმოგიდგენიათ, იყო ხალხი, რომელიც მის გაკრიტიკებას ბედავდა. მისი თამაში პირწმინდა კლასი და ოსტატობაა.
საინტერესოა, რომ ჩვეულებრივი საიტებისგან განსხვავებით, სადაც შეფასებებს მიმომხილველები თავიანთი შეხედულებისამებრ წერენ (და მათმა უმეტესობამ ჰეთ-თრიკის ავტორ ვიქტორ ოსიმენს უფრო მაღალი ქულა დაუწერა ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიას, ორიოდ პორტალმა კი ნიგერიელისა და ქართველის თამაში თანაბრად შეაფასა), იმ საიტებმა, სადაც ქულები სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოჰყავთ კვარაცხელიას უფრო მაღალი ნიშანი დაუწერეს: flashscore-სა და whoscored-ის შეფასებები ილუსტრაციების სახით მოგვყავს.