ინგლისური „გარდიანი” მსოფლიოს წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელის გამოკითხვას 2012 წლიდან ატარებს და აი, 2023 წელს, პირველად, სამეულში არც ლეო მესია და არც კრიშტიანუ რონალდუ. გაზეთი წერს, რომ არგენტინელისა და პორტუგალიელის გარდა კიდევ არის ოთხი ვარსკვლავი, რომელიც ასეულში ყველა გამოკითხვაში მოხვდა. ისინი არიან: რობერტ ლევანდოვსკი, ლუკა მოდრიჩი, ქარიმ ბენზემა და ტონი კროოსი. აქამდე მათთან ერთად იყო ნეიმარიც, მაგრამ ბრაზილიელი წლეულს სიის მიღმა დარჩა.
2023 წელს „გარდიანის” გამოკითხვას მეხუთე გამარჯვებული ჰყავს და ის ერლინგ ჰოლანდია. წინა ოთხი იყო მესი, რონალდო, მოდრიჩი და ლევანდოვსკი. ინგლისური გაზეთის მიერ შერჩეული 218 ჟიურის წევრიდან 147-მა პირველ ადგილზე ნორვეგიელი დაასახელა, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ ჯუდ ბელინგემს 900-ზე მეტი ქულით გაასწრო. აქვე უნდა დავძინოთ, რომ ჰოლანდი მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ ის უკვე ოთხი წელიწადია ასეულში ხვდება.
„გარდიანის” წლევანდელ სიაში ყველაზე მეტი, 12 ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიდან” მოხვდა. მეორეზეა „რეალი” — 11.
ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მე-12 ადგილზეა. „გარდიანმა” ის ასე დაახასიათა: „ნეაპოლში დიეგო მარადონას მსგავსად არავის არასდროს გააღმერთებენ, მაგრამ გაისეირნეთ ესპანურ კვარტალში და ნახავთ, რომ კედლებზე სავარაუდოდ მეტი კვარაცხელია ხატია, ვიდრე 2023 წლის ჩემპიონი გუნდის ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი. ქალაქში, რომელიც თავს ყოველთვის აუტსაიდერად მიიჩნევდა ბათუმის „დინამოსგან” სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ ნაყიდი ქართული ფეხბურთელის მოკრძალებულმა ისტორიამ და პირველივე დღიდან გამოვლენილმა თამამმა კრეატიულობამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. თორმეტმა გოლმა და ათმა საგოლე პასმა დანარჩენი იტალიაც აიძულა მისთვის ყურადღება მიეპყრო და „კვარადონა” სერია A-ს გასული სეზონის MVP-დ დაასახელეს. ის „ოქროს ბურთის” მოკლე სიაშიც მოხვდა”.
„ნაპოლის” ნიგერიელი ვარსკვლავი ვიქტორ ოსიმენი მე-9 ადგილზე გავიდა.