ენით აუწერელ განუკითხაობას სჩადის სერია A-ს მსაჯთა კომიტეტი ჯანლუკა როკის ხელმძღვანელობით, იტალიური მას-მედია კი ამას უყურებს და ხმასაც არ იღებსო, წერს ნეაპოლური პორტალი napolipiu. საიტის აზრით ძნელად დასაჯერებელია, თუ რა დღეში ჩააგდეს „აძური” მსაჯებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში.

napolipiu: „მას მერე, რაც მსაჯი მაურიციო მარიანი „ატალანტასა” და „ნაპოლის” შეხვედრას საშინლად გაუძღვა, როკის კომიტეტმა გამოგვიგზავნა დავიდე მასა („ინტერთან”), დანიელე ორსატო („იუვენტუსთან”) და რაკი გაზეთებმა და ტელევიზიებმა უმსგავსოებებზე ხმაც არ ამოიღეს, „კალიარისთან” მატეო მარკენარო დაამატა.

მარიანისა და მარკენაროს ნეაპოლელები გადაურჩნენ (ორივე შეხვედრა 2:1 მოიგეს), მასას და ორსატოს წინაშე კი თეთრი დროშა ააფრიალეს. „ინტერისა” და „იუვენტუსის” წინააღმდეგ „აძურის” სასარგებლოდ სამი ნამდვილი პენალტი არ დაინიშნა; ამას გარდა მის კარში ჩაითვალა გოლი, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო და რომელმაც სატურნირო ცხრილზე იქონია გავლენა.

ჩვენ არ ვაპირებთ ვიმარჩიელოთ რა მოხდებოდა ეს შეცდომები სხვა გუნდების შეხვედრებში რომ დაეშვათ, რადგან კარგად ვხედავთ ალპების გამოღმა, მთელი ეროვნული მედია როგორ ხმაურობს „ჯენოასა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში მასას მსაჯობის გამო. „იუვენტუსმა” მსაჯის წინააღმდეგ მძლავრი კამპანია წამოიწყო და ეს მაშინ, როდესაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ ორსატომ მათთან, ტურინში „ნაპოლი” ფაქტობრივად დასაჯა. ბანის მიერ ხელით თამაშმა, რის გამოც წესის თანახმად პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, დაჩრდილა კამბიასოს მიერ კვარაცხელიას „ჩეხვა”, რაც ეგრეთწოდებულმა მსოფლიოს საუკეთესო მსაჯმა უბრალოდ გაატარა.

აქ, ჩვენს მხარეში, ზოგიერთმა ხუმარამ ადგილობრივ მედიაში თქვა, რომ მსაჯებზე წუწუნებს მხოლოდ ის, ვინც თავის გადასარჩენად იბრძვის და „ნაპოლიმ” ასეთი რამ არ უნდა გააკეთოს. ცოტა უფრო ჩრდილოეთით კი პრესა-ტელევიზია ნეაპოლელებს რეგულარულად აჩუმებს და მასას თუ ორსატოს დარტყმების შემდეგ მათ მტირალებს უწოდებს”.